რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი 13 ოქტომბერს შეიკრიბება - მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აანონსებს

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი 13 ოქტომბერს შეიკრიბება - მმართველი გუნდი ვეტოს დაძლევას აანონსებს

რიგგარეშე სხდომაზე პარლამენტი 13 ოქტომბერს შეიკრიბება. რიგგარეშე სხდომა, პრეზიდენტმა პარასკევს, 11:00 საათზე დანიშნა. დეპუტატები, კონსტიტუციაში შეტანილ ცვლილებებზე, გიორგი მარგველაშვილის მოტივირებულ შენიშვნებს განიხილავენ.

პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” მდივანი თინათინ ბოკუჩავა აცხადებს, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან მიმართებაში, მთელი ოპოზიციური სპექტრი, პრეზიდენტი და სამოქალაქო სექოტრი ერთ პოზიციაზეა.

„მიუხედავად იმისა, რომ ამ შენიშვნებში ასახულია მთელი საზოგადოების აზრი, ეს არ არის მხოლოდ პრეზიდენტის პოზიცია, ეს არის კონსენსუალური პოზიცია სრულიად ოპოზიციური სპექტრის, სამოქალაქო სექტორის, პრეზიდენტის, მათ შორს ვენეციის კომისიის და "ქართული ოცნება" არის დარჩენილი მხოლოდ საკუთარ თავთან და ძალადობრივად, ხელის გადაგრეხვით, ბოდიში მაგრამ თავზე გვახევს კონსტიტუციას,“ - განაცხადა თინათინ ბოკუჩავამ.

პარლამენტის ფრაქცია ”ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” თავმჯდომარე გიგი წერეთელი აცხადებს, რომ ხელისუფლება უთანხმოებას და ოპოზიცის აზრის გაუთვალისწინებლობას აგრძელებს.

„შევეცდებით დავარწმუნოთ ჩვენო კოლეგები იმაში, რომ მხარი დაუჭირონ იმ შენიშვნებს, რომელიც პრეზიდენტმა წარმოადგინა, რომელიც არის ლოგიკური,“ - აცხადებს გიგი წერეთელი.

შეფასება ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთა პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა. უმრავლესობის წევრი აცხადებს, რომ გარკვეული მიზეზების გამო, მმართველი გუნდი იძულებულია, პრეზიდენტის შენიშვნები არ გაითვალისწინოს.

„იქიდან გამომდინარე, რომ შენიშვნებში არის ის საკითხები, რასაც არ ვიზიარებთ და ამავდროულად შენიშვნების, ვეტოს განხილვის პროცედურა არ ითვალისწინებს შენიშვნების ნაწილის, ხოლო შენიშვნების მეორე ნაწილის უარყოფის მექანიზმს, ამის გამო ჩვენ ვალდებული ვართ, არ გავიზიაროთ პრეზიდენტის შენიშვნები,“ - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.
100 ნახვა
11-10-2017, 09:11
ავტორი: news
GOGA.TV © 2005-2017 | საიტზე გამოქვეყნებული მასალის შინაარსზე და გამოქვეყნებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ავტორი!