ნინო ქურდაძის მცირე ბიზნესი და მისი ამერიკული ცხოვრება

ნინო ქურდაძის მცირე ბიზნესი და მისი ამერიკული ცხოვრებანინო ქურდაძე პროფესიით ბიოლოგი გახლავთ და საქართველოში მცენარეთა დაცვის სამსახურში მუშაობდა. ხელოვნება ბავშვობიდანვე იტაცებდა და ამერიკაში ჩასვლის შემდეგ ხატვა და ქსოვა მისი ყოველდღიურობა გახდა.

ნინო, როდის ჩახვედით ამერიკაში და როგორ დაიწყო თქვენი ემიგრანტული ცხოვრება?

-აშშ-ში 2004 წელს ჩამოვედი, თუმცა მანამდე, 1999 წელს გაცვლითი პროგრამით ვიყავი ნამყოფი. ასე, რომ პატარა წარმოდგენა ამ ქვეყანაზე უკვე შექმნილი მქონდა. ახალ გარემოსთან შეგუების პროცესი შედარებით ადვილად გადავიტანე, რადგან აქ ჩემი და და მამიდაშვილი მახლდნენ. ემოციურად ძალიან გამიჭირდა სამი შვილის დატოვება საქართველოში, მათი ნახვა მხოლოდ 2 წლის შემდეგ შევძელი. სურვილი, რომ ცხოვრება უკეთესობისკენ შემეცვალა, ძლიერი აღმოჩნდა და ბევრი სირთულე გადამალახინა.

პროფესიით ბიოლოგი ბრძანდებით და საქართველოშიც შესაბამისი საქმიანობით იყავით დაკავებული. როგორ აღმოჩნდით ხელოვნებაში?
-ბავშვობიდან ვხატავ, უბრალოდ პროფესიული განათლება არ მიმიღია. ბიოლოგია უფრო გვიან გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე ხატვა.

დღეს, საკუთარი კომპანიის ხელმძღვანელი ბრძანდებით და გქონიათ შეკვეთები ისეთი ცნობილი დიზაინერებისგან, როგორებიც არიან: „Oscar de la Renta“, „Carolina Herrera“, „Rosetta Getty“, „Hellessy“, “Ralp Lauren” და სხვ. თუ შეგიძლიათ, გვიამბოთ, როგორ მოახერხეთ და რა გზა გაიარეთ, ვიდრე ასეთი დონის ცნობილი დიზაინერები გაგიცნობდნენ.
-ერთ დღეს, როგორც სამსახურის მაძიებელმა, გაზეთში წავიკითხე განცხადება, რომ მანჰეტენზე მდებარე დიზაინ სტუდია ხელსაქმის მცოდნე ადამიანს ეძებდა. ასე აღმოვჩნდი Vlad Knitwear-ში, კომპანიაში, რომელიც ცნობილი დიზაინერებისთვის ქსოვს საკოლექციო ტანსაცმელს. პირველ დავალებას წარმატებით გავართვი თავი, დიზაინერის ყველა მოთხოვნა დავაკმაყოფილე და ჩემს მიერ ვერა ვანგისთვის (Vera Wang) მოქსოვილი ქვედაბოლო მოდის ჩვენებაზე მოხვდა. მოგვიანებით, ჟურნალ Vogue-ში დაიბეჭდა. მიუხედავად იმისა, რომ შემსრულებლის სახელი არ ფიქსირდება, მაინც ძალიან სასიამოვნოა, შენს მიერ შექმნილ სამოსს რომ აღმოაჩენ Vogue-ის ან W Magazine-ის ფურცლებზე.

დღეს, თქვენი კომპანია „Vlad Knitwear“-ის ქვეკონტრაქტორია და თქვენი ბიზნესი თანდათან წარმატებული ხდება. ისეთ კონკურენტულ მოდის ქალაქში, როგორიც ნიუ-იორკია, როგორ უძლებს კომპანია ასეთ დიდ კონკურენციას და რა ხერხებით ინარჩუნებს წარმატებას?
-რადგან ისეთ სამსახურში მოვხვდი, სადაც ძალაუნებურად ცნობილ დიზაინერებთან მიწევდა მუშაობა, ამ ფაქტორმა ძალიან დიდი გამოცდილება მომცა კარიერის განვითარებაში. დღეს, საკუთარი კომპანია მაქვს, სადაც დიზაინერებისთვის ხელით ნაქსოვი ტანსაცმელი მზადდება. რაოდენობა არ არის დიდი. შეიძლება, ზოგიერთი მოდელი მხოლოდ 2-3 შეგიკვეთონ. უმეტესად 50 ცალს არ აჭარბებს. ეს მცირე ბიზნესია და რომ შეინარჩუნო, ძალიან დიდ პასუხისმგებლობას და შრომას მოითხოვს. ყველაფერი ხარისხიანად და სიზუსტით უნდა გაკეთდეს, რომ კმაყოფილი კლიენტი შემდეგ სეზონზეც შენთან მოვიდეს. კოლექციის ჩაბარების წინ 14-15 საათიანი გრაფიკით მიწევს მუშაობა. სიტყვა წარმატება ცოტა უხერხულად მხვდება ყურში, მაგრამ შეიძლება ვთქვა, წარმატებით გადავლახე ის ეტაპი, რომ ჩემი ადგილი მეპოვნა ემიგრაციაში.

ყველაფერთან ერთად, მხატვარიც ბრძანდებით. არაერთი გამოფენა გაქვთ გაკეთებული, თუ შეიძლება, გვიამბეთ თქვენი გამოფენების შესახებ.
-როგორც აღვნიშნე, ბავშვობიდან ვხატავ. საქართველოში 2 პერსონალური გამოფენა მქონდა. ნიუ-იორკში პირველი გამოფენა 2005 წელს, „გრანტ გალერეა“-ში მოეწყო, მაშინ ჩემი სამი ნამუშევარი გამოიფინა. შემდეგ იყო ჯგუფური გამოფენა „სტუდია 353“-ში, სამჯერ მანჰეტენზე მდებარე ღვთისმშობლის სახელობის მართლმადიდებლურ ეკლესიაში, ორჯერ ქართული კულტურის ცენტრმა „Dancing Crane”-მა მიმასპინძლა, ორჯერ კომპანია „მედეთარტის“ მიერ ორგანიზებულ გამოფენაშიც მივიღე მონაწილეობა ( “Artifact Gallery”, „Jadite Galleries“)

ნინო ქურდაძის მცირე ბიზნესი და მისი ამერიკული ცხოვრება


ძალიან გამორჩეული და ორიგინალური სტილი გაქვთ მხატვრობაში, როგორ აღწერდით მას?
-მართალი გითხრათ, არ ვიცი რა სტილია. უმეტესად გამოხატვის გრაფიკულ ხერხებს მივმართავ. ხატვა ჩემთვის დასვენებასთან ასოცირდება. ძალიან მიყვარს პროცესი, ალბათ ჩემს თავს ასე უფრო კარგად გამოვხატავ.

ნინო ქურდაძის მცირე ბიზნესი და მისი ამერიკული ცხოვრება


13 წელია, რაც ამერიკაში ცხოვრობთ, როგორ ფიქრობთ, რამდენად მოახდინა კულტურათა შერწყმამ თქვენზე გავლენა?
-რა თქმა უნდა, ახალი გარემო და ყოფა გარკვეულ ზეგავლენას ახდენს ადამიანის ცნობიერებაზე. მე არ ვარ გამონაკლისი. მაგალითად, მადლიერების დღესასწაულს აღვნიშნავ, შობას ორჯერ, ახალ წელს ქართული გოზინაყით და საცივით. თუ რამე არ მომწონს, ვცდილობ, შორს დავიჭირო თავი ან შეძლებისდაგვარად გამოვასწორო.

ნებისმიერ ემიგრანტს აქვს თავისი მიზანი და ეგრეთწოდებული „ამერიკული ოცნება“. თქვენ როგორ ფიქრობთ, აიხდინეთ თუ არა ამერიკული ოცნება?
-ვფიქრობ, რაღაც ნაწილი ავიხდინე.

რამდენად ხშირად ახერხებთ საქართველოში ჩასვლას?
-ყოველ ზაფხულს ჩავდივარ. ჩემი მშობლები იქ ცხოვრობენ. მხოლოდ მათი მონახულება არ არის მიზეზი, ძალიან მიყვარს საქართველო და ვგრძნობ, რომ ჩემი ნაწილია.

მომავალ გეგმებზე რას გვეტყვით?
-გეგმებზე წინასწარ საუბარი არ მიყვარს. მირჩევნია, განვახორციელო და მერე გაგაცნოთ.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
1085 ნახვა
10-01-2018, 17:59
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!