უმცროსი "ბორჯღალოსნები" მესამე შეკრებას გადიან

უმცროსი "ბორჯღალოსნები" 2018 წლის პირველ შეკრებაზე "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე ერთკვირიან შეკრებაზე შევიდნენ, რომლის ფარგლებში 15 იანვარს თბილისის "არმაზთან" საკონტროლო თამაშს გამართავენ.

ილია მაისურაძის, ლადო კილასონიასა და ზურაბ ამონაშვილის შეგირდები 2018 წლის მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატისთვის ემზადებიან, რომელსაც წელს 30 მაისიდან 17 ივნისის ჩათვლით საფრანგეთი უმასპინძლებს.

ფრანგული ტურნე

20-წლამდელთა მსოფლიოს დაწყებამდე სამი-ოთხი თვით ადრე, უმცროსი "ბორჯღალოსნები" ტურნირის მასპინძელ ქვეყანას ორი კვირით ეწვევიან და ორ საკონტროლო მატჩს გამართავენ. გუნდი "ლე ბლეს" (საფრანგეთის ეროვნული ნაკრების თიკუნი) სახელად წოდებულ "მარკუსის" ბაზაზე დაბინავდება და მასპინძელთა 19-წლამდელთა ნაკრებს 11 და 16 თებერვალს შეხვდება. შეგახსენებთ, რომ ფრანგები მსოფლიო ჩემპიონატზე სამხრეთ აფრიკასთან და ირლანდიასთან ერთად ჩვენს ჯგუფში არიან და ტურნირამდე ეს ერთგვარი რეპეტიცია იქნება.

მზადების ციკლში, რომელიც შარშანდელი ტურნირის დასრულების შემდეგ მალევე დაიწყო, ეს გუნდის მესამე შეკრებაა. შარშან, 7-დან 14 ნოემბრამდე გაფართოებულმა შემადგენლობამ შეკრება რუსთავში გაიარა, ხოლო 10-დან 20 დეკემბრამდე "შევარდენის" ბაზაზე 38-მა მორაგბემ ივარჯიშა. როგორც მაშინ, გუნდის შეკრებაზე არც ახლა არიან ლეგიონერები და ის ბიჭები, რომელთაც წელს 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი (23 მარტიდან 1 აპრილამდე პოლონეთში) უწევთ. სამაგიეროდ, გუნდს დაემატნენ "ბათუმის" მოთამაშეები, რომლებიც წინა შეკრებისას ტრავმირებულები იყვნენ და ახლა 40 მორაგბე ვარჯიშობს.

უმცროსმა "ბორჯღალოსნებმა" ვარჯიშები 4 იანვრიდან განაახლეს, ხოლო 9-ში შეკრებაზე შევიდნენ, "შევარდენზე" 16 იანვრამდე დარჩებიან და დღეში ორჯერ ივარჯიშებენ. მწვრთნელების სურვილი იყო, რომ შეკრების ფარგლებში დიდი 10-ის გუნდებთან ორი საკონტროლო მატჩი გაემართათ, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთი თამაშის შეთანხმება მოხერხდა.

„ჩვენი სურვილი იყო, რომ საფრანგეთში გამგზავრებამდე მინიმუმ ორი თამაში ჩაგვეტარებინა, თუმცა საბოლოოდ მხოლოდ ერთ შეხვედრას გავმართავთ. ორჯერადი ვარჯიშები გვაქვს და შეკრების დასრულების შემდეგ ბიჭები კლუბებს დაუბრუნდებიან. 28-იდან 31-ის ჩათვლით კიდევ ერთი მოკლე შეკრება გვაქვს, ხოლო 6 თებერვალს, გამთენიისას საფრანგეთში გავემგზავრებით, "მარკუსის" ბაზაზე ვივარჯიშებთ და 11 და 16 თებერვალს საფრანგეთის 19-წლამდელთა ნაკრებთან ორ თამაშს გავმართავთ. ამ შეხვედრებმა უნდა დაგვანახოს, სად ვართ და რაზე გვაქვს სამუშაო“ - გვიყვება გუნდის მზადებისა და გეგმების შესახებ ილია მაისურაძე.

აპრილში სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელებთან

რაგბის კავშირის ხელმძღვანელობა უცხოურ კლუბებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და ამ ეტაპზე უცნობია, ითამაშებს თუ არა ყველა ლეგიონერი ფრანგების წინააღმდეგ.

ნაკრების ხელმძღვანელობას სურს, რომ მარტის დიდ შეკრებაზე და სამხრეთაფრიკულ ტურნეზე, რომელიც აპრილში გაიმართება, ყველა სასურველი მოთამაშე ჰყავდეს და თუ არჩევანი იქნება გასაკეთებელი, მაშინ ლეგიონერები გუნდს ორი თვის შემდეგ შეუერთდებიან.

„კარგი იქნება, თუ ლეგიონერები და 2000-წლიანები ყველა შეკრებაზე ჩვენთან ერთად იქნებიან, მაგრამ ეს საკითხი კლუბებთან და 18-წლამდელთა ნაკრებთანაა შესათანხმებელი. თუ იძულებული გავხდებით, არჩევანი გავაკეთოთ, მაშინ სჯობს ლეგიონერები მარტის დიდ, 3-კვირიან შეკრებაზე დავიმატოთ და 9 აპრილიდან 22 აპრილამდე სამხრეთ აფრიკაში გასამართ შეკრებაზე წავიყვანოთ. ამ შეკრების ფარგლებში სამხრეთ აფრიკის 20-წლამდელთა ნაკრებთან 13 და 20 აპრილს ორ საკონტროლო თამაშს გავმართავთ“ - ამბობს მაისურაძე.

ორი გუნდით ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრებთან

საფრანგეთში, 20-წლამდელთა მსოფლიოზე გამგზავრებამდე უმცროსი "ბორჯღალოსნები" თბილისში კიდევ ერთ საკონტროლო თამაშს გამართავენ. მაისში ინგლისის საგრაფოების 20-წლამდელთა ნაკრები გვეწვევა და მაისის შუა რიცხვებში იმ შემადგენლობას შეხვდება, რომელმაც მსოფლიოზე უნდა ითამაშოს, ხოლო რამდენიმე დღეში სარეზერვო გუნდს დაუპირისპირდება.

ილია მაისურაძე: „წელს სარეზერვო გუნდი ჩამოვაყალიბეთ, სადაც ის ბიჭები არიან გაერთიანებულნი, რომელთაც 20-წლამდელთა ჩემპიონატში გაისად უწევთ თამაში. ამით სამომავლო საქმეს წინ წავიგდებთ. ეს გუნდი ინგლისის საგრაფოების ნაკრებთან ერთ თამაშს გამართავს, ხოლო რამდენიმე დღით ადრე ინგლისელებს იმ შემადგენლობით ვეთამაშებით, რომლითაც წელს მსოფლიო ჩემპიონატზე გავემგზავრებით“.

20-წლამდელთა შეკრებაზე არიან:

გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), გიორგი ნუცუბიძე (ჯიქი), გიორგი ახალაძე (აია), გიორგი დიასამიძე (ლელო), ირაკლი მეთაფლიშვილი (ლელო), ლევან პაპიძე (ლელო), თენგიზ ზამთარაძე (ლელო), გიორგი მენაბდე (ბათუმი), სოსო ჭყოიძე (ლელო), გიორგი ხარეიშვილი (ხაშური), ლუკა ჯაფარიძე (ლელო), გიგა გრიგალაშვილი (ლელო), ლუკა გელაშვილი (ჯიქი), ლუკა გელაშვილი (ხარები), თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), ბექა საღინაძე (ლელო), სანდრო კალმახელიძე (არმია), თენგიზ გიგოლაშვილი (არმაზი), სანდრო მამამთავრიშვილი (ლელო), არჩილ აბესაძე (ლელო), რატი ჟორჟოლიანი (ლელო), არსენ მაჩალაძე (აია), საბა ჯღარკავა (ლელო), ლუკა დვალიშვილი (არმაზი), ელგუჯა კიკვაძე (ბაგრატი), ელგუჯა პერანიძე (ლელო), დავით კლდიაშვილი (ჯიქი), რევაზ ხარაზიშვილი (ლოკომოტივი), გიორგი წიკლაური (ჯიქი), სანდრო სვანიძე (არმაზი), მანუჩარ გრიგოლია (ბათუმი), ლევან ნარიმანიძე (ხარები), ოთარ ძაგნიძე (აია), ბექა აბულაშვილი (ლელო), დავით შვანგირაძე (ივერია), კოტე მარჯანიშვილი (იუნკერები), ბექა მამუკაშვილი (ლელო), დურმიშხან ჯაბნიძე (ბათუმი), შოთა სეფაშვილი (ჩოხოსნები), გიორგი ასათიანი (ლელო).
წყარო: sportall.ge
45 ნახვა
11-01-2018, 23:10
ავტორი: aTTiLa
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!