goga.tv
Goga.tv
gzavmili

ქართველი სტუდენტი, რომელიც "ფეისბუქის" სათაო ოფისში გაივლის პრაქტიკას

ქართველი სტუდენტი, რომელიც "ფეისბუქის" სათაო ოფისში გაივლის პრაქტიკას20 წლის ლუკა ლომთაძე სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის მე-3 კურსის სტუდენტია. სოციალურმა ქსელმა „ფეისბუქმა“ იგი 250 000 აპლიკანტიდან 300 საუკეთესო სტუდენტს შორის შეარჩია და მენლო პარკში, სილიკონ ველიზე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად მიიწვია.

ლუკა, მაისიდან „ფეისბუქის“ სათაო ოფისში გაივლი სტაჟირებას, როგორ მოხვდი კონკურსზე და რა ეტაპები გაიარე?
- იქ მოხვედრა ჩემი დიდი ხნის ოცნება იყო. საერთო ჯამში, ორი ტექნიკური ინტერვიუს გავლა მომიწია და შედეგად მივიღე მოწვევა საზაფხულო სტაჟირებაზე.

„Software Developer“-ად იმუშავებ, კონკრეტულად რას მოიცავს შენი სამუშაო და რა მოლოდინები გაქვს?
-კომპანიას არაერთი პროგრამული სისტემა აქვს სხვადასხვა სფეროში. ჩემი დავალება იქნება ამ სისტემების პროგრამულ მხარეზე მუშაობა, მათი დახვეწა და განახლება. ვფიქრობ, საკმაოდ დიდი და საინტერესო გამოცდილება იქნება ჩემთვის.

არიან თუ არა ფეისბუკში სხვა ქართველებიც?
-დიახ და მიხარია, რომ ჩემი სამეგობრო წრიდან არიან ისეთებიც, ვინც უკვე სრულ განაკვეთზე მუშაობენ.

რა სიახლეების დანერგვას გეგმავ ტექნიკური პროგრამული განვითარების მხრივ, კონკრეტული გეგმა თუ გაქვს?
-ბევრი იდეა მაქვს, რითიც უფრო კომფორტული გარემო შეექმნება კომპანიის პროგრამული პროდუქტების მომხმარებლებს, მაგრამ ვიდრე არ განვახორციელებ, კონკრეტულ გეგმებზე ვერ ვისაუბრობ.

ხარ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი, როგორც ვიცი, საკმაოდ დატვირთული დღის რეჟიმი გაქვს, როგორ შეუთავსებ სწავლას ახალ სამსახურს?
- ვარ სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტი -საქართველოს სტუდენტი და ამჟამად, ჩემი უნივერსიტეტის მთავარ კამპუსზე ვსწავლობ. სამსახურს სასწავლო სემესტრის დამთავრებიდან ვიწყებ და ახალი სემესტრის დაწყებამდე დავამთავრებ. ასე, რომ პრაქტიკა ხელს არ შემიშლის.

რამდენი ხანი გაგრძელდება პრაქტიკა?
-დაახლოებით 3 თვე.

როგორ გამოიყენებ მიღებულ ცოდნას მომავალში?
- ასეთ დიდ კომპანიაში მუშაობა, ნებისმიერ თანამშრომელს მრავალმხრივ განავითარებს. ვთვლი, რომ მიღებული ცოდნა არ იქნება შემოსაზღვრული მხოლოდ პროგრამირების ახალი უნარებით და საერთო გამოცდილება, რასაც მივიღებ, ცხოვრების მანძილზე ძალიან ბევრ რამეში გამომადგება.

ავტორი: ქეთი იმერლიშვილი
310 ნახვა
12-02-2018, 21:10
ავტორი: GOGATV
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!