goga.tv
Goga.tv
gzavmili

რას ფიქრობენ ცნობილი სპორტსმენები ”ქალისთვის ხელის გარტყმაზე”?

ცოტა ხნის წინ ინტერნეტით გავრცელდა ქართველი სორტსმენის, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონის, დავით მარსაგიშვილის ინტერვიუ, რომელმაც საზოგადოების ცხოველი ინტერესი გამოიწვია. ინტერვიუში მარსაგიშვილი მანდილოსნების მიმართ საკმაოდ მკაცრ განცხადებებს აკეთებს და კონკრეტულ შემთხვევებში, მათ ცემასაც მიზანშეწონილად მიიჩნევს. ჩენ დავუკავშირდით ქართველ სპორტსმენებს, რომლებიც მონაწილეობდნენ პროექტში ოჯახური და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ და მათ ამ საკითხზე კომენტარი ვთხოვეთ.
ნოდარ (ნონო) ანდღულაძე – რაგბისტი, საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე.
- მარსაგიშვილს პირადად არ იცნობ, მაგრამ ძალიან დიდ პატივს ვცემ, როგორც წარმატებულ სპორტსმენს. იმედია, მან ეს ყველაფერი ხუმრობით თქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ცუდად გამოუვიდა ეს ხუმრობა, თორემ არა მგონია ქართველმა კაცმა ასეთი რამე მართლა იკადროს. ზოგადად ძალადობა დასაგმობია და მით უფრო, როდესაც მამაკაცი ძალადობს სუსტ სქესზე. მოგეხსენებათ, მე და კიდევ რამდენიმე სპორტსმენი ვმონაწილეობთ აქციაში, სადაც ვგმობთ მამაკაცთა მიერ ქალების უფლების დარღვევას. რადგან ნაკრებში მითამაშია და ასე თუ ისე ხალხი მიცნობს, ვთვლი, ისე უნდა მოვიქცე, რომ მისაბაძი ვიყო სხვისათვის, კარგი იქნებოდა დავითსაც ეფიქრა ამაზე.
- შენ რომ ქალმა შეურაცხყოფა მოგაყენოს როგორ გასცემ პასუხს?
- მაქსიმალურად ვეცდები, რომ შეურაცხყოფამდე არ მივიდეს საქმე, მაგრამ თუ მაინც მოხდა, დამერწმუნეთ, ნებისმიერი ძალადობა ჩემი მხრიდან გამორიცხულია. ვეცდები გავერიდო კონფლიქტს. ზოგადად ძალიან უკონფლიქტო ადამიანი ვარ (მხოლოდ სტადიონზე "ვხულიგნობ" ხოლმე) და მით უმეტეს, თუ მეორე მხარეს მანდილოსანია, მაშინ ყოველგვარ ძალადობაზე ლაპარაკი ზედემეტია.
ირაკლი მაჩხანელი – საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტანი
- მე გენდერული თანასწორობის მომხრე ვარ. მე ვფიქრობ დღესდღეობით, 21-ე საუკუნეში ამ თემაზე ლაპარაკი ზედმეტიცაა, ყველასთვის ნათელია, რომ ქალი და კაცი აბსოლუტურად თანაბარუფლებიანები არიან.
- ირაკლი თუ შენს გვერდით მყოფი მანდილოსანი შენს წინადადებას, თხოვნას არ დაემორჩილა, რა რეაქცია გექნება?
-აუცილებლად მოვისმენ მის აზრს და თუ მისი შეხედულება უფრო სწორი და ლოგიკური იქნება, გავითვალისწინებ კიდეც. მამაკაცი ყოველთვის მართალი არაა, ხშირად მანდლოსნები ბევრად უფრო სწორად მსჯელობენ, ვიდრე ჩვენ. მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთის აზრებს ყოველთვის ვითვალისწინებთ და ამ პრინციპით ვცხოვრობთ ბედნიერად.
ლუკა კურტანიძე – ვეტერანი მოჭიდავე, მსოფლიოს ჩემპიონი. ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი:
- ჩვენი ადათ-წესებიდან გამომდინარე, ქართველები ყოველთვის უდიდეს პატივს ვცემდით მანდილოსნებს. როდესაც მამაკაცები ერთმანეთს ეპაექრებოდნენ, ქალის მანდილით არაერთხელ შეწყვეტილა დაპირისპირება. ეს ქართველი კაცის ქალისადმი პატივისცემით იყო განპირობებული. ეს პატივისცემა იყო არა ძალდატანებითი, არამედ ბუნებრივი. ქართველი კაცის მიდგომა ქალისადმი ყოველთვის იყო მოკრძალებული. ეს აუცილებლად უნდა შევინარჩუნოთ ნებისმიერ ეპოქაში. ქალმა და კაცმა ყოველთვის იცოდნენ თავიანთი როლები და არა მგონია, ვინმეს ჭკუის სწავლება გვჭირდებოდეს ამ საკითხში.
- რამდენიმე დღის წინ გავრცელდა მოჭიდავე დავით მარსაგაშვილის ინტერვიუ, სადაც ის საკმაოდ უხეშად საუბრობს ამ საკითხზე, თქვენ როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, რა კომენტარს გააკეთებდით ამაზე?
- დათო არის 22 წლის და ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. როგორც უფროსმა მეგობარმა, ვთხოვე მას, რომ განმარტება გაეკეთებინა ამ ინტერვიუსთან დაკავშირებით. მან მითხრა, რომ ეს იყო ხუმრობა და რატომღაც ჟურნალისტმა სერიოზულად აღიქვა. ჩვენ, მწვრთნელები, ჭიდაობის გარდა, მოჭიდავეებს იმასაც ვასწავლით, რომ თითოეული სიტყვა გაწონასწორებული უნდა იყოს. დათომაც ეს რჩევა უკვე მიიღო ჩვენგან და შემდგომში აუცილებლად გაითვალისწინებს. ჩვენი ფედერაციის მიზანია, არა მარტო სპორტსმენები აღვუზარდოთ ქვეყანას, არამედ ღირსეული ქართველებიც. თუ ვინმეს დათოს სიტყვებში მოეჩვენა, რომ ეს დისკრიმინაციული ნათქვამი იყო, მე როგორც ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი, ბოდიშს ვუხდი ყველას. მე მივიღებ შენიშვნას, რომ ამ კუთხით აუცილებლად უნდა გავაძლიეროთ მუშაობა ჩვენ სპორტსმენებთან, რადგან კარგად მესმის, რომ თითოეული ჩემპიონის სიტყვას, ძალიან დიდი ფასი და გავლენა აქვს. მთელი ერი მათ ტაშს უკრავს, მათ გამარჯვებებზე ცრემლს ღვრის, ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ თითოეული მათგანის სიტყვა მხოლოდ იმ ფასეულობის მატარებელი უნდა იყოს, რაც ჩვენს წესებს და ადათებს შეესაბამება, ხოლო ამ ადათებიდან უპირველესი სწორედ ქალის კულტია. ყველა მანდილოსანს, ვისაც დათოს სიტყვებმა გული ატკინა, ვპირდები რომ დათო არა მარტო თავისი გამარჯვებებით გამოისყიდის ამას, არამედ მათდამი თბილი მოპყრობით.
1 694 ნახვა
29-07-2013, 08:29
ავტორი: gogaggg2
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!