goga.tv
Goga.tv
gzavmili

გიორგი კაპანაძე - ქართველი ექსკურსიამძღოლი აფრიკაში

"ყველაზე მწვავედ მაშინ ვიგრძენი თუ სად, რა უბედურებაში მქონდა თავი გაყოფილი, როდესაც კენიელმა ქალმა უმი ხორცი შემომთავაზა... ჩემ გვერდით მდგომმა ფერადკანიანმა კი სათნო ღიმილითა და დამტვრეული ინგლისურით მითხრა, რომ უარის შემთხვევაში, "პრობლემები შემექმნებოდა", რადგან ეს მასპინძლის მიმართ უპატივცემულობა იყო. არ მახსოვს გემო, მაგრამ მახსოვს ჩემი "თანამესუფრე" კენიელი ქალბატონის ბედნიერი ღიმილი, როდესაც "კერძი" ჩემს თეფშზე გადმოვიღე... ხორცი ხბოსი აღმოჩნდა. ჯერ კიდევ თბილი იყო და მისგან წამოსული სისხლი წურწურით ჩამომდიოდა იდაყვებზე. ვნატრობდი, პირველი ჩაკბეჩისთანავე გული წამივიდოდეს-მეთქი, მაგრამ არ წამივიდა და ორი-სამი ლუკმის შეჭმამ მომიწია, მერე კი ის ხორცი იქვე მოთამაშე ბავშვს ისე მივაწოდე, როგორც ჩვენებური ქართული სუფრის გარშემო მოტრიალე პატარებს ხილს ან შოკოლადს მისცემს კეთილი ძია", - ასე იხსენებს ჩვენი რესპონდენტი, 36 წლის გიორგი კაპანაძე კენიის ერთ რეგიონში, მასაი მარაში სტუმრობის პირველ დღეებს... მას შემდეგ 20 წელი გავიდა და ამ ხნის განმავლობაში მან ათზე მეტი ექსტრემალური ქვეყანა დალაშქრა. ამჟამად ერთ-ერთი საერთაშორისო კომპანიის ტუროპერატორია. გიორგის ინტერნეტით ვესაუბრეთ...
- უცხოელი მეგობრები ჩემს სახელსა და გვარს ვერ გამოთქვამენ და "ჯიოკაპი" შემარქვეს, რაც, მათი თქმით, ჩემი ინიციალებისგან შედგება... ამაზე ყველაზე ნაკლებად ვდარდობ. ზოგჯერ ჩემი სახელი და გვარი კი არა, კანის ფერი არ მახსოვს. მგონი, არაფრით განვსხვავდები აქაურებისგან... საქართველო 20 წლის წინ დავტოვე. დეიდაშვილს ლითონის ბიზნესი ჰქონდა. დამხმარე სჭირდებოდა და თურქეთში გამოვყევი, რომ საქართველოში შეგროვებული ლითონი ჩაებარებინა. მას იქ თურქი ბიზნესპარტნიორი ჰყავდა, რომელსაც სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ბიზნესი ჰქონდა. მან მითხრა, რომ ახალგახსნილ ბარში ახალგაზრდა, ენერგიული ბიჭები სჭირდებოდა. დიდხანს არ მიფიქრია, რადგან ჩემი მშობლებიც უცხოეთში, საშოვარზე იყვნენ წასული და ჩემი მეურვეობა მთლიანად ნათესავებს ეკისრებოდათ. დეიდაშვილი ამ შემოთავაზებას სასტიკად ეწინააღმდეგებოდა, სახლში მომკლავენო, მაგრამ როგორღაც "შევაბი", მე დავურეკავ ჩემებს და მათთან გავარკვევ-მეთქი. მამა ლიბერალი კაცია და მაინცდამაინც თავი არ გაუგიჟებია, უბრალოდ მითხრა, თუ ასეა, ამერიკაში მაინც ჩამოსულიყავიო. მაგრამ რადგან უკვე თურქეთში ვიყავი, დამთანხმდნენ. ეს იყო ძალიან მძიმე წლები, დილიდან საღამომდე და საღამოდან დილამდე ბედნიერი სახით, მაგრამ მონური ანაზღაურების ფასად ვმუშაობდი. სარდაფში გვეძინა და ფაქტობრივად, მშივრები ვიყავით. საჭმელს ვიპარავდით, ჯიბეში ვიტენიდით და ღამე ჩუმად ვჭამდით... ჩემ გარდა, სამი ქართველი იყო. ორს ფილტვები დაუავადდა და საქართველოში დაბრუნდა. მე და კიდევ ერთი, რომელიც ჩემსავით თავგადასავლების მაძიებელი აღმოჩნდა, ჯერ საბერძნეთში წავედით სამუშაოდ, სადაც რამდენიმე თვე მშენებლობაზე ვიმუშავეთ ებრაელებთან. ცოტა მოვღონიერდით, რადგან გვაჭმევდნენ და დაძინების საშუალებაც გვქონდა, იქიდან კი ჯერ პოლონეთში, მერე კი ამერიკაში წავედით. ჯიბეში 25 ევრო მქონდა. დაიწყო მაწანწალა ცხოვრების გრძელი, მაგრამ თავისებურად საინტერესო ხანა. ქუჩაში, მეტროს ჩასასვლელებსა და გაჩერებებზე გვეძინა. არავინ თქვას, რომ ამერიკელები ცუდი და უგულო ხალხია, რამდენიმე თვის განმავლობაში საჭმელსა და ტანსაცმელზე ფული არ დაგვიხარჯავს...
- გქონდათ ფული?
- კი, ხალხს მათხოვრები ვეგონეთ და ცენტებს გვიყრიდნენ... ძნელი იყო, მაგრამ ეს
პერიოდი ცუდად სულაც არ მახსენდება.
- ეს როგორ?
- საინტერესო იყო. სწორედ ამ დროს გაიცნობ ქვეყნისა და მისი ხალხის რეალურ სახეს. ყველა ცდილობს, ტურისტს ასიამოვნოს, რადგან ის ფულს იხდის, ასევეა დიპლომატი და ნებისმერი სხვა მისიით ჩასული ადამიანი. ხოლო როცა უპატრონო მაწანწალა ხარ, ბევრ რამეს სწავლობ. ხომ გაგიგიათ, რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს... მერე ერთ-ერთ პორტში დავიწყეთ მუშაობა. გემები უნდა დაგვესუფთავებინა. გემის მფლობელი, საფრანგეთში მცხოვრები არაბი გავიცანით, რომელიც სატვირთო გემზე მუშაობდა და ჩვენი სამსახური შევთავაზეთ. მან საბუთები მოგვთხოვა, ვუთხარით, რომ არალეგალები ვიყავით. ძალიან კარგი, ანაზღაურებაც არალეგალური გექნებათო, გვითხრა და გემისკენ მიგვითითა. ფლორიდაში ტვირთი ტრაილერებზე გადავიტანეთ და ჩვენც თან გავყევით. ასე აღმოვჩნდით ჩრდილოეთ ტაილანდში.
1 290 ნახვა
29-07-2013, 08:39
ავტორი: gogaggg2
GOGA.TV © 2005-2018 | ზოგი მასალა განთავსებულია ყველასათვის ხელმისაწვდომი საჯარო წყაროებიდან!