GOGA.TV
  • მედიაექსპერტები ქიბარ ხალვაშის განცხადებას ეხმაურებიან

    მედია ექსპერტები დარწმუნებული არიან, რომ ქიბარ ხალვაში კვლავ ბიძინა ივანიშვილის დავალებებით მოქმედებს და უახლოეს მომავალში "რუსთავი 2"-ს სარედაქციო პოლიტიკა შეიცვლება.

    იმავდროულად მათთვის გაუგებარია, რატომ წელავს პროცესებს დროში და არ იღებს სწრაფ გადაწყვეტილებებს. ექსპერტები ყურადღებას დემოკრატიულ სახელმწიფოში “რუსთავი 2”-ის არსებობაზე ამახვილებენ.

    „ივანიშვილისთვის და ე.წ. ქიბარ ხალვაშისთვის მიუღებელია „რუსთავი2“-ის სარედაქციო პოლიტიკა. ყველაფრის შემზადება ხდება ცვლილებისთვის, გვითხრას პირდაპირ ან თვითონ რას წვალობს, ან ჩვენ რას გვაწვალებს. პირდაპირ თქვას, ამდენი არც წერა შეუძლია, არც ლაპარაკი. პირდაპირ გადავიდეს იმ სათქმელზე, რისთვისაც გვამზადებს,“-ამბობს ტელეკომპანია ”კავკასიას” გენერალური დირექტორი, ნინო ჯანგირაშვილი.

    ფონდ ”ლიბერალური აკადემია თბილისის” დირექტორი, ლაშა ტუღუში ფიქრობს, რომ "რუსთავი2"-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლა ხელისუფლებას ძვირი დაუჯდება.

    „მთავარი არის შენარჩუნდეს სარედაქციო დამოუკიდებლობა,ვინაიდან სარედაქციო დამოუკიდებლობის არ შენარჩუნება და შეტევა "რუსთავი2"-ზე ძალიან ძვირი დაუჯდება ნებისმიერს,“-ამბობს ტუღუში.

    ”სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე ამბობს, რომ მიმდინარე პროცესებიდან მხოლოდ ერთი რამ ჩანს, ხალვაში ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა რა მიზნები აქვს „რუსთავი2“-თან დაკავშირებით.

    „ის აკეთებს აქცენტს წინა გენერალურ დირექტორზე, ნიკა გვარამიაზე, რომ ის პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებდა ამ ტელეკომპანიას, ეს შეიძლება აღქმული იქნას იმად,რომ სარედაქციო ხაზისადმი აქვს ძალიან მკაფიო გზავნილები ბატონ ხალვაშს,“-ამბობს ბენიძე.

    ქიბარ ხალვაშმა გუშინ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ტელევიზიის აქციების მყიდველი არ გამოჩნდა, ხოლო რთული ფინანსური მდგომარეობის დაძლევას საკუთარი ძალებით შეეცდება.
    333 ნახვა
    20-08-2019, 02:08