GOGA.TV
დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ხდება
  • დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ხდება

    თბილისის ყოფილი მერი დავით ნარმანია საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე ხდება. პარლამენტის დარგობრივმა კომიტეტმა მის კანდიდატურას მხარი ერთხმად დაუჭირა. სხდომას ოპოზიციამ ბოიკოტი გამოუცხადა.

    დავით ნარმანია პრესასთან უკვე საუბრობს თავის გეგმებსა და იმ პროექტებზე, რომელთა განხორციელებასაც სემეკ-ის თავმჯდომარეობის პერიოდში გეგმავს. ნარმანიას თქმით, პირველი, რასაც თანამდებობაზე მოსვლისას გააკეთებს, ახალი მარეგულირებელი ნორმების მიღებაა, რომელიც ელექტროენერგეტიკის, გაზისა და წყლის სექტორში ინვესტიციების შეფასებას გულისხმობს.

    "ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი მიიჩნევს, რომ სემეკ-ის თავმჯდომარედ დანიშნული დავით ნარმანია ისეთ მტკივნეულ გადაწყვეტილებებს მიიღებს, როგორიც კომუნალური ტარიფების გაძვირებაა. ჭიაბერაშვილი აღნიშნავს, რომ ნარმანია “წარუმატებელი ბიუროკრატია“ და ამ თანამდებობაზე მხოლოდ პარტია “ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის, ინტერესების გატარების გამო დაინიშნა.

    ამ საკითხზე სხვაგვარი მოსაზრება აქვს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარეს, რომან კაკულიას, რომელმაც ნარმანიას კანდიდატურას მხარი დაუჭირა. კაკულია მიიჩნევს, რომ დავით ნარმანია ყველა იმ ძირითად კრიტერიუმს აკმაყოფილებს, რომელიც ამ პოსტის დასაკავებლადაა საჭირო.
    384 ნახვა
    23-09-2019, 09:32