GOGA.TV
სინანულით მინდა აღვნიშნო, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას
  • სინანულით მინდა აღვნიშნო, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას

    "პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და „ქართული მარშის" ტერმინოლოგიით საუბრობს" - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბაქრაძემ ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საპასუხოდ განაცხადა. ბაქრაძე აღნიშნავს, რომ სააკაშვილი იმ ღირებულებებს მნიშვნელოვნად დასცილდა, რომლითაც მან, მისი თქმით, დასავლური და ტოლერანტული სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო.

    "სინანულით მინდა აღვნიშნო, რომ გუშინდელმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ აჩვენა, რამდენად დასცილდა მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ რეალობას, ისევე, როგორც იმ ფუნდამენტურ ღირებულებებს, რომელზე დაყრდნობითაც ის 2004 წელს თავის გუნდთან ერთად იწყებდა ქვეყნაში რეფორმებს და აშენებდა დასავლურ, ტოლერანტულ, თანამედროვე ქართულ სახელმწიფოს. მხედველობაში მაქვს გიგა ბოკერიას წინააღმდეგ წარმოებული შეტევა. მინდა ვიყო ძალიან მკაფიო - პრობლემა არ არის გიგა ბოკერიას კრიტიკაში, პრობლემა არის იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი ლევან ვასაძის და "ქართული მარშის" ტერმინოლოგიის და მათი არგუმენტების გამოყენებით აკრიტიკებს ვინმეს, მათ შორის, თუნდაც გიგა ბოკერიას," - განაცხადა დავით ბაქრაძემ.

    ბაქრაძის შეფასებით, სააკაშვილის მიერ ოპოზიციის კრიტიკა ქვეყნის ინტერესებს აზარალებს და "ქართული ოცნების" მიერ არჩევნების მოგების შანსებს ზრდის.

    „ჩვენი შეფასებით, საკითხის ასე დაყენება ფუნდამენტურად აზიანებს ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის ფრონტს და არ ემსახურება ოპოზიციის და ქართველი ხალხის ინტერესებს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე გამარჯვებისთვის ერთადერთი გზა გახლავთ, რომ არჩევნებზე მოვიდეს რაც შეიძლება მეტი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი. ამ ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს გააჩნიათ სხვადასხვა სიმპატია და ხმას აძლევენ სხვადასხვა პარტიას. თუ ჩვენ მათ ვეტყვით, რომ მათი ერთადერთი არჩევანი არის მიხეილ სააკაშვილი, ძალიან ბევრი ოპოზიციურად განწყობილი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ბიძინა ივანიშვილი, უბრალოდ, დარჩება სახლში და მონაწილეობას არ მიიღებს არჩევნებში. ისევე, როგორც ეს მოხდა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში. ამიტომ ერთადერთი გზა, რომ 2020-ში დავამარცხოთ ივანიშვილი და "ქართული ოცნება", ეს არის გზა, რომ ყველა ოპოზიციურმა პარტიამ მოიყვანოს რაც შეიძლება მეტი მხარდამჭერი, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ აიღოს რაც შეიძლება მეტი ხმა. ნებისმიერი საუბარი, რომ ამ ქვეყანაში არის მხოლოდ ორი ალტერნატივა, ადამიანებს აფრთხობს არჩევნებზე მოსვლისგან. ეს პირდაპირ ემსახურება "ქართული ოცნების" ინტერესს და ხელს გვიშლის ოპოზიციას "ქართული ოცნების" დამარცხებაში. ამის მაგალითი იყო საპრეზიდენტო არჩევნები, როდესაც პირველ ტურში განსხვავებულმა ოპოზიციურმა კანდიდატებმა ერთად აიღეს ძალიან ბევრი ხმა და მაღალი პროცენტი, ხოლო მეორე ტურში - ერთი ერთზე დარჩენილ "ოცნებას" საშუალება მიეცა ძალიან ბინძური და ცუდი პროპაგანდით, მაგრამ მოეგო არჩევნების მეორე ტური," - განაცხადა ბაქრაძემ.

    შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია ქართული ტრადიციების და ფასეულობების მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში დაადანაშაულა.
    334 ნახვა
    30-09-2019, 09:46