GOGA.TV
5%-იანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, საჯარო დაპირებას ვიძლევი - გახარია
  • 5%-იანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, საჯარო დაპირებას ვიძლევი - გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში ჩადებული 5%-იანი ეკონომიკური ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია, თუმცა მთავრობა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს და ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი:

    "5%-იანი ზრდა საკმაოდ ამბიციური მიზანია განსაკუთრებით იმ ფონზე, რაც ახლა რეგიონში ხდება, თუმცა ჩვენ, მთავრობა, ეს ჩათვალეთ რომ ღია, საჯარო დაპირებას ვიძლევი, მივალთ თითოეულ კომპანიამდე, რომელსაც გარკვეული, შეიძლება ბიუროკრატიული, შეიძლება სუბიექტური პრობლემები აქვს, მივალთ თითოეულამდე და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ეკონომიკაში მეტი ენერგია გაჩნდეს, რა თქმა უნდა იგივეს გავაკეთებთ საკანონმდებლო რეგულაციების ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ ვიქნებით აბსოლუტურად ღია და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ქართული ბიზნესი იყოს უფრო ძლიერი,"- განაცხადა გახარიამ.

    პრემიერმა ჟურნალისტების შეკითხვასაც უპასუხა იმასთან დაკავშირებით, თუ რა შეიცვალა რიგითი მოქალაქისთვის ეკონომიკის მხრივ "ოცნების" მმართველობის პერიოდში. გახარიას არსებულ ცვლილებზე არ უსაუბრია და სამომავლოზე გეგმებზე გაამახვილა ყურადღება, მისი თქმით მთაში მცხოვრებ 70 წელს გადაცილებულ პენსიონერს მომავალ წელს პენსია 300 ლარი ექნება.

    "ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, რომ ეს საკმარისი არ არის და კიდევ უფრო მეტი უნდა იყოს, 7 წლის თავზე რიგითი მოქალაქეების ცხოვრება შეიცვალა ისე, რომ 2020 წელს მაგალითად მთის რეგიონში მცხოვრებ 710 წელს გადაცილებული პენსიონერების პენსია იქნება 300 ლარი, ასე შეიცვალა. კიდევ უფრო ბევრი რამე შეიცვლება, თუმცა არავინ არ უარყოფს, რომ გამოწვევები ბევრია,"- აღნიშნა გახარიამ
    384 ნახვა
    1-10-2019, 09:14