GOGA.TV
ცოტნე გამსახურდიას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა
  • ცოტნე გამსახურდიას ორი გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა

    ცოტა ხნის წინ დასრულდა ხეჩინაშვილის კლინიკაში ცოტნე გამსახურდიას ნეიროქირიურგული ოპერაცია, რომელიც 7 საათი გაგრძელდა.

    ქირურგიული ჩარევა თავის არეში ექიმებმა მისი მძიმე მდგომარეობიდან გამომდინარე გადაწყვიტეს. ეს უკვე მეორე ოპერაცია იყორომელიც მას ჩაუტარდა, მანამდე გამსახურდიას ოპერაცია გულ-მკერდის მიდამოში გაუკეთდა. ექიმების ინფორმაციით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა. პაციენტს თავისა და გულ-მკერდის არეში ნაკვეთი ჭრილობები აქვს მიყენებული.

    "აღინიშნება პოლიტრავმა, ანუ მრავლობითი დაზიანებები. დაზიანებულია გულ-მკერდის მარცხენა ნახევარი, ამ მიდამოში აღინიშნება ნაჩხვლეტ-ნაკვეთი ჭრილობები, გულ-მკერდი ღრუში შემავალი ჭრილობები მარცხენა ფილტვის ზედა წილის დაზიანებით, და თავის, თხემის მიდამოში 4 ჭრილობა. მდგომარეობა სერიოზული და მძიმეა, პოლიტრავმა ეს უკვე მძიმე პათოლოგიაა," - აცხადებს ექიმი გიორგი გვახარია.

    კლინიკაში მყოფ ახლობლებს დაჭრილის შესახებ ბოლო ინფორმაცია პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარემ მარიამ ჯაშმა მიაწოდა, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში ადგილზე იმყოფებოდა.

    "უმძიმეს მდგომარეობაში შემოყვანის შემდგომ სასიცოცხლო ჩვენებით ყოველგვარი დაყოვნების გარეშე ჩატარდა გულ-მკერდის არეში თოროკალური, ქირურგიული ოპერაცია. ჩატარდა თავის ტვინის კომპიუტერული ტომოგრაფია, სადაც სამწუხაროდ გამოიკვეთა ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა და მრავლობითი სისხლჩაქცევები, სწორედ ამიტომ, ასევე ყოველგვარი დაყოვნების გარეშე სასწრაფოდ დაიწყო ნეიროქირურგიული ოპერაცია. თუ კი ექიმების გადაწყვეტილებით დამატებითი დახმარება იქნა საჭირო, ბუნებრივია სრულ მზად ყოფნაშია თანამშრომლობისთვის კლინიკა და მე დარწმუნებული ვარ, რომ როგორც მთავრობის მხრიდან ასევე საზოგადოების მხრიდან იქნება მაქსიმალური მხარდაჭერა," - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

    ინციდენტი საღამოს 7 საათისთვის, ვერაზე, გალის ქუჩაზე მოხდა. სახელდება ვინმე დავით ბაჯელიძე, რომელიც ცოტნე გამსახურდიას თავს დაესხა. დაშავებულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ მომხდარს პოლიტიკური სარჩული ჰქონდეს.
    335 ნახვა
    19-12-2019, 23:32