GOGA.TV
youtube
3
  • კორონავირუსის ბოლო სტატისტიკა მსოფლიოს მასშტაბით

    724 ათასი ინფიცირებული და 34 ათასამდე დაღუპული - ასეთია მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების ბოლო სტატისტიკა. მსოფლიო რუქაზე კვლავაც წითელ ზონად რჩება ამერიკის შეერთებული შტატები, იტალია და ესპანეთი.

    რაც შეეხება მეზობელ ქვეყნებს, დღე-ღამეში სომხეთში ინფიცირების 58 შემთხვევა დაფიქსირდა. საერთო ჯამში ქვეყანაში COVID -19-ით 482 პაციენტი მკურნალობს.

    აზერბაიჯანში 209 შემთხვევაა, დაღუპულია 4 პირი. 9 ათასს გასცდა ინფიცირებულების რაოდენობა მეზობელ თურქეთში, სადაც 131 ადამიანი დაიღუპა. 1500-ზე მეტი ინფიცირებულია რუსეთში, სადაც დაღუპულთა რაოდენობა 8-მდე გაიზარდა.

    სტატისტიკის მიხედვით, ჩინეთი ერთადერთი ქვეყანაა, სადაც ინფიცირების კლების ტენდენცია შენარჩუნებულია და ქვეყანა ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების მხოლოდ 31 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.

    ქვეყანაში სიტუაცია უკეთესობისკენ მიდის. კორონავირუსით ინფიცირებულების 93% გამოჯანმრთელდა, დადასტურებული 81,470 შემთხვევიდან 75,700 ადამიანის ტესტმა უარყოფითი შედეგი აჩვენა.

    თუმცა, ქვეყანაში ვარაუდობენ, რომ ეპიდაფეთქება შესაძლოა იმპორტირებულმა შემთხვევებმა გამოიწვიოს, ჩინეთის მთავრობამ უცხოელებისთვის საზღვრები ჩაკეტა.

    "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ცხოვრების ჩვეულ რიტმს ვუბრუნდებით. იმაზე დიდი ბედნიერება არაფერია, იყო ჯანმრთელი, დატოვო სახლი და დაუბრუნდე სამსახურს. ეს შეიძლება სხვებისთვის არაფერია, თუმცა პირადად ჩემთვის ჯანმრთელად და უსაფრთხოდ ყოფნა სასწაულია," - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.
    284 ნახვა
    30-03-2020, 09:58