GOGA.TV
youtube
3
  • რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება არ მისცეს

    სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ალექსანდრე მოწერელიას განცხადებით, რუსეთის მოქალაქეს, რომელსაც ტემპერატურა აღენიშნებოდა, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის უფლება რუსულმა და აფხაზურმა მხარეებმა არ მისცეს.

    როგორც მოწერელიამ "დღის კურიერში" სტუმრობისას განაცხადა, რუსეთის მოქალაქეს რუხის ხიდთან ქართველი მედიკოსები დახვდნენ, თუმცა მისი გადმოყვანა ვერ მოხერხდა.

    "ასევე არის ერთი შემთხვევა, ერთი ქალბატონი მოსკოვიდან ჩამოვიდა, მას მეუღლე ჰყავს გალის რაიონში. აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა და სურვილი ჰქონდა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის. შესაბამისად, ჩვენი ბრიგადა იყო მობილიზებული რუხის ხიდთან, თუმცა ეს ქალბატონი აღმოჩნდა რუსეთის მოქალაქე და რუსულმა და აფხაზურმა მხარემ საოკუპაციო ხაზიდან არ გადმოუშვა ეს ქალბატონი და ამჟამად, ჩვენი ინფორმაციით, იმყოფება სოხუმში," - განაცხადა მოწერელიამ.

    მოწერელია ასევე გამოეხმაურა, წუხელ ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილ ქალს, რომელსაც კორონავირუსის სიმპტომები აღენიშნება.

    "ის წესები, რომელიც იქნა მიღებული საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ, სამწუხაროდ, არ იქნა მიღებული აფხაზეთში. ასევე, აფხაზეთის ჯანდაცვის სისტემაც, რა თქმა უნდა, გაცილებით უფრო სუსტი არის და მათ ვერ შეძლეს თავიანთი კლინიკების აღჭურვა და დიდი ალბათობაა იმისა, რომ სიტუაციის აფეთქების შემთხვევაში, ვერ შეძლებენ მართვას. ეს არის ის "დახმარება" რუსული ჩექმიდან, რაც მიიღო სამწუხაროდ რეგიონმა. ამდენად, ჩვენ ვალდებული ვართ ჩვენი თანამოქალაქეები აფხაზეთის ტერიტორიაზე, მივიღოთ. შესაბამისად, რუხის საავადმყოფოს აღჭურვა მიდის სწრაფი ტემპით," - განაცხადა ალექსანდრე მოწერელიამ.
    224 ნახვა
    30-03-2020, 10:21