GOGA.TV
youtube
3
უდიდესი რისკის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებულია
  • უდიდესი რისკის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებულია

    უდიდესი რისკის მიუხედავად გადაწყვეტილება მიღებულია - სააღდგომო ლიტურგია მცირე ზომის ეკლესიებში მრევლის გარეშე ჩაივლის, დიდი ზომის ტაძრებში კი ღამის სადღესასწაულო წირვა-ლოცვა 2-მეტრიანი დისტანციის დაცვით შესრულდება.

    18 აპრილის ღამისთევისთვის ქვეყნის მასშტაბით მდებარე დიდ ეკლესიებში მზადება უკვე მიმდინარეობს. მონტაჟდება ხმის გამაძლიერებელი აპარატურა, ტაძრებში შეაქვთ სკამები და განისაზღვრება ადგილი, სადაც მორწმუნეები დადგებიან, რათა არ დაირღვეს აუცილებელი დისტანცია და მრევლმა შეძლოს ტაძარში დილის 6 საათამდე დარჩენა.

    სასულიერო პირები აცხადებენ, რომ სააღდგომო ლიტურგია წესების დაცვით, 2 მეტრიანი დისტანციით ჩატარდება.

    “დიდი ხანია, რაც დისტანციას ვიცავთ და ვასრულებთ იმ რეკომენდაციებს, რაც არის. ჩვენ გვყავს როგორც სტიქაროსნები, ასევე მორჩილები, რომლებიც მსახურების დროს მიუთითებენ მრევლს. გარდა ამისა, ტაძარში არის სტიკერები დაკრული, სადაც აწერია "დაიცავი დისტანცია". პატარა ტაძრებს რაც შეეხება, სივიწროვე რომ არ იყოს, ამან განაპირობა მხოლოდ სასულიერო პირების ყოფნა, ვერც ერთ ფაქტს ვერ დააფიქსირებს ვერავინ, რომ ტაძარი არის კლასტერი, ზოგადად გავრცელების ადგილი ამ ვირუსის,“ - ამბობს სვეტიცხოვლის მღვდელმსახური, მამა ალექსანდრე (ბეჟიტაშვილი).

    კომენტარი ამავე თემაზე გააკეთა წმინდა მკურნალ პანტელეიმონის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა, დეკანოზმა გიორგიმ ( კიკვაძე), რომელმაც აღნიშნა, რომ სახელმწიფოს მიერ გაცემული რეკომენდაციები დაცული იქნება.

    „ეს რეკომენდაციები, ეს ლოცვა კურთხევა, რაც მივიღეთ, მოტივირებულია მხოლოდ ერთი რამით - ჩვენი მრევლის, მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ზრუნვის მოტივით. შესაბამისად, ჩვენ ვიცავთ იმ რეკომენდაციებს და მოვუწოდებთ ჩვენს მრევლსაც, დაიცვან რეკომენდაციები,“ - აცხადებს დეკანოზი გიორგი (კიკვაძე).

    პარალელურად, ტაძართა ნაწილში - მათ შორის აჭარაში ღვთისმსახურება ღამის ნაცვლად დილის 7 საათზე დაიწყება, რათა მოსახლეობას კომენდანტის საათთან დაკავშირებით პრობლემები არ ჰქონდეს.
    343 ნახვა
    16-04-2020, 01:26