GOGA.TV
youtube
3
  • ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს - გახარია

    საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ყველა რეგიონის ხელმძღვანელ პირთან, ვიდეოკონფერენციის საშუალებით, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვების აღსრულების პროცესი განიხილა.

    გიორგი გახარიამ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და რეგიონების გუბერნატორებს დაავალა, ყველა შეზღუდვის ზედმიწევნით დაცვა მკაცრად გაკონტროლდეს. გუბერნატორებმა მთავრობის მეთაურისგან ასევე მიიღეს დავალება, ჯანდაცვის სამინისტროსთან სრული კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში აკონტროლონ რეგიონებში ე.წ ცხელების ცენტრებისა და COVID ინფიცირებული პაციენტების მიმღები კლინიკების მზადყოფნის დონე და სტანდარტებთან შესაბამისობა.

    საუბრისას ასევე აღინიშნა მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის - 144-ის გამართული ფუნქციონირების მნიშვნელობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული აკრძალვებისა და დაშვებების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების პროცესში. ამ მიზნით, გუბერნატორებს დაევალათ, თითოეულ რეგიონში გამოყონ შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, რომლებიც 144-ის მიერ გადამისამართებულ მოქალაქეებს კვალიფიციურ ინფორმაციას მიაწვდიან ან შესაბამის დახმარებას აღმოუჩენენ.

    ამასთან, რეგიონების ხელმძღვანელი პირები, თითოეული რეგიონის საჭიროებების გათვალისწინებით, მთავრობას უახლოეს დღეებში წარუდგენენ ხედვას იმ ეკონომიკური ობიექტების შესახებ, რომელთა მუშაობის განახლება, საგანგებო მდგომარეობის დასრულების შემდეგ პირველი რიგის პრიორიტეტია. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდება ეკონომიკური სუბიექტების მხრიდან ჯანდაცვის სამინისტროსა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ გაცემული რეკომენდაციების ზედმიწევნით დაცვაზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, ისინი მუშაობის განახლებას ვერ შეძლებენ.

    მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა რეგიონების ხელმძღვანელი პირების ეფექტიანი მუშაობის განსაკუთრებულ მნიშვნელობას, რათა ადგილზე შესაძლო ხარვეზები დროულად აღმოიფხვრას და ნებისმიერი სახის გართულებები თავიდან იყოს აცილებული. პროცესს კოორდინაციას გაუწევს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი რეგიონებთან ურთიერთობის საკითხებში სოზარ სუბარი.
    მთავრობის მეთაური ვიდეოკონფერენციის რეჟიმში რეგიონების ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრებს სისტემატურ რეჟიმში გამართავს.
    205 ნახვა
    18-04-2020, 13:21