GOGA.TV
youtube
3
  • ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ერთად ყოფნა და ერთმანეთის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია

    ახლა, როდესაც მთელი მსოფლიო პანდემიას ებრძვის, ერთად ყოფნა და ერთმანეთის თანადგომა ყველაზე მნიშვნელოვანია. სოლიდარობის მაგალითები ბევრია და ადამიანებიც ერთმანეთის დახმარებას სხვადასხვანაირად ცდილობენ.

    მაგალითად ხუთი მეგობარი - დროებით უმუშევრად დარჩენილებმა, სახლში უქმად ჯდომას კეთილი საქმის კეთება არჩიეს, საკუთარი ტექნიკა სადეზინფექციო დანადგარებით აღჭურვეს და სრულიად უანგაროდ, ნებისმიერ დაწესებულებასა და მსურველს ემსახურებან. ხსნარებზე და ტექნიკაზე ყველანაირი საჭირო ინფორმაცია მოაგროვეს და ყველა წესის დაცვით ახორციელებენ დეზინფექციას.

    გაიცანით "ახალი საზოგადოება" - მოხალისეებმა კომპანიების მობილიზებაც შეძლეს და უმწეო და მარტოხელა მოხუცებს მედიკამენტებითა და საკვები პროდუქტებით ამარაგებენ. მათთვის აუცილებელი პირველადი მოხმარების ნივთები, ჯანსაღი საკვები და წამლები აბსოლუტურად უანგაროდ გადაეცემათ. ამ დროისთვის მოხალისეებმა უკვე 300-ზე მეტი ადამიანის პროდუქტით მომარაგება შეძლეს.

    ქართველების სოლიდარობის ამბავმა იტალიამდეც ჩააღწია. ხატია ასიტაშვილი ბოლზანოს პროვინციაში, ტესიმოში ცხოვრობს. იტალიაში კარანტინის დროს მიხვდა, რისი საჭიროება იყო ყველაზე მეტად რეგიონში და საკუთარი ხელით პირბადეების შეკერვა დაიწყო. დიზაინიც თავად მოიფიქრა და უსაფრთხოების ყველა წესი გაითვალისწინა. ხატია პირბადეებს ნებისმიერ მსურველს უსასყიდლოდ ურიგებს.

    პანდემიის გამო გაერთიანებული მსოფლიო ერთმანეთს და სამყაროს, ადამიანების საუკეთესო მაგალითებს აჩვენებს. სწორედ სოლიდარობა და ერთმანეთის თანადგომა მოგვაგებინებს ამ ომს.



    ავტორი: სალომე თარხნიშვილი
    217 ნახვა
    20-04-2020, 01:42
    News-ები