GOGA.TV
  • პოლიციელი, რომლის ტყვიამაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობაში დარჩა

    პოლიციელი, რომლის ტყვიამაც ვაჟა-ფშაველას გამზირზე შუახნის ქალის სიცოცხლე იმსხვერპლა, პატიმრობაში დარჩა. გამოძიებისა და სასამართლო განხილვების დასრულებამდე მისი სასჯელის კანონიერებაზე მოსამართლემ დისტანციურად იმსჯელა.

    სხდომის მიმდინარეობის დროს ბრალდებულმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა, რომ არ არის სწორი ფორმულირება, რადგან დანაშაულის განზრახვა არ ჰქონია.

    პროცესზე დაცვის მხარე ითხოვდა გირაოს სანაცვლოდ ბრალდებულის გათავისუფლებას, რაზეც მოსამართლემ უარი თქვა.

    "ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის გაჟღერებული პოზიცია საკმაოდ ემოციური იყო. ადამიანს, რომელსაც ბრალი დაუმძიმეს და ემუქრება 7-დან 15 წლამდე, დედას გეფიცებით, საერთოდ ხმა არ ამოუღია, მე ასეთი რამე არ მინახავს. რეაქცია ჰქონდა ნული.

    ძალიან მძიმე მდგომარეობაშია როგორც ფიზიკურად, ასევე სულიერად. კვალიფიკაცია მიგვაჩნია, რომ არასწორია და თქვა, რომ განზრახვა არ ჰქონია," - განაცხადა ბრალდებულის ადვოკატმა.

    სამართალდამცავებმა პოლიციელი გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ბრალდებით დააკავეს. თუმცა, მოგვიანებით, პროკურატურამ მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის, მუხლით წარუდგინა.
    249 ნახვა
    22-04-2020, 09:57