GOGA.TV
youtube
3
  • თეთრიწყაროს საკარანტინე ზონაში მოსახლეობის შემოწმება გრძელდება

    თეთრიწყაროს საკარანტინე ზონაში მოსახლეობის შემოწმება გრძელდება. ადგილზე მკაცრად კონტროლდება ყველა შემსვლელი და გამსვლელი ავტომობილი და მოქალაქე. დღეს, საკარანტინე ზონაში ლუგარის ლაბორატორიის სპეციალისტებს ელოდებიან, რომლებმაც საკვლევი მასალა უნდა წაიღონ.

    ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ COVID 19-ის ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ერთ-ერთი მათგანი არის სამედიცინო პერსონალის წარმომადგენელი, ხოლო მეორე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის მძღოლის დედა.

    ორივე მათგანი შესაბამის სამედიცინო განყოფილებაში არიან მოთავსებული. მათ კვლევები უტარდებათ და ექიმების შეფასებით, ამ დროისთვის მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ და შესაბამისად, ნაკლებად არსებობს შანსი, რომ მათ სხვა ადამიანებთან ჰქონდათ კონტაქტი. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგები ამ დრომდე მუშაობენ და მიმდინარეობს კონტაქტების კვლევა.

    "2 ახალი შემთხვევაა დადასტურებული, ჯამში გახდა 22 დადასტურებული შემთხვევა. ორივე შემთხვევა ე.წ. სამედიცინო კლასტერს უკავშირდება.

    კარანტინში ისევ 47 ადამიანია, უბრალოდ თვითიზოლაცია გაგვეზარდა 150-მდე," - განაცხადა თეთრიწყაროს მერმა გიორგი ქორიძემ.

    "კურიერთან" საუბარში თეთრიწყაროს მერი დილით გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა, ფასების ზრდასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ძირითად პროდუქტებზე ფასები არ მომატებულა და ის სხვა რეგიონების ფასებისგან არ განსხვავდება.

    ხოლო, მეორეხარისხოვან პროდუქტებზე, თეთრიწყაროს მერის განცხადებით, შესაძლოა ფასების მატება იყოს და ამას შესაბამისი სტრუქტურები მიაქცევენ ყურადღებას.

    რაც შეეხება თეთრიწყაროში შექმნილ ვითარებას, ადგილზე ლუგარის სპეციალისტები იმყოფებიან. მიმდინარეობს მოსახლეობის შემოწმება. სპეციალისტები ტერიტორიას დღეს საღამოს დატოვებენ. მათ გამოსაკვლევად დაახლოებით 60 ადამიანის ბიოლოგიური მასალა მიაქვთ. ხვალ დილისთვის გახდება ცნობილი იმატებს თუ არა თეთრიწყაროში კორონავირუსის შემთხვევები.
    178 ნახვა
    28-04-2020, 09:18