GOGA.TV
youtube
3
  • მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3 მილიონს გადააჭარბა. თითქმის მილიონამდე პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია გამოთქვამს მზადყოფნას, დაეხმაროს იმ ქვეყნებს, რომელთაც პანდემიასთან საბრძოლველად ქვეყნის შიდა რესურსი არ ჰყოფნით.

    COVID 19-ის პანდემიამ შესაძლოა კიდევ უფრო დიდი პრობლემები შეუქმნას იმ ქვეყნებს, რომლებიც პანდემიამდეც განიცდიდნენ სასურსათო კრიზისს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განცხადებით, ისინი მზად არიან გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივას მხარი დაუჭირონ და ქვეყნებს, რომელთაც კორონავირუსის პანდემიის წინააღმდეგ დახმარება ესაჭიროება, საჭირო ინვენტარით აღჭურვონ.

    პარალელურად სურსათის მსოფლიო პროგრამა მზად არის ჯანმოსთან ერთად მოახდინოს აღმოსავლეთ აფრიკის ქვეყნების საკვებით მომარაგება, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა შიმშილს ათასობით ადამიანი ემსხვერპლოს.

    ჯანმოს საერთაშორისო დახმარების პროგრამაში მონაწილეობისკენ გაეროს, გენერალურმა მდივანმა მოუწოდა. ანტონიო გუტერეშის თქმით, მსოფლიოში შექმნილი პანდემიური სიტუაცია ყველას ეხება, შესაბამისად დახმარების ხელის გაწვდენა თითოეულ მათგანს ესაჭიროება.

    "მსოფლიოში მნიშვნელოვნად გაიზარდა პროდუქციაზე მოთხოვნა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ასჯერ ან ორასჯერ მაინც, ვიდრე ნორმალურ ვითარებაში იყო.

    შეჩერებულია წარმოებები, საჰაერო ფრენები. მსოფლიოში ტვირთების გადაადგილება თითქმის აღარ ხდება.

    ასეთ სიტუაციებში ვალდებულები ვართ ვეძიოთ გამოსავალი და შევძლოთ მათი დახმარება, ვისაც ეს სჭირდება.

    ჩვენ მივესალმებით გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივას თანამშრომლობის საკითხთან დაკავშირებით.

    პირველ რიგში მნიშვნელოვანია შევქმნათ ერთიანი სატრანსპორტო სისტემა, რაც ტვირთების გადაადგილებას გაამარტივებს.

    დღეს საერთო ძალებით ბრძოლა პანდემიის წინააღმდეგ ერთადერთი რამეა, რაც შეგვიძლია გამოვიყენოთ," - აცხადებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ლოჯისტიკის განყოფილების ხელმძღვანელი პოლ მოლინარო.
    197 ნახვა
    29-04-2020, 10:03