GOGA.TV
youtube
3
რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა
  • რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა

    მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა 3 მილიონ ნახევარს გადააჭარბა. მონაცემები მატულობს რეგიონის ქვეყნებში. რუსეთში ერთ დღეში კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული მაჩვენებელი - 10 ათასზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა. თურქეთში კი ბოლო 24 საათში 61 ადამიანი გარდაიცვალა. 35-მდე გაიზარდა ლეტალური შემთხვევების რიცხვი სომხეთში.

    გასულ დღე-ღამეში რეკორდულად დაბალი მონაცემები დაფიქსირდა ევროპის ქვეყნებში. საფრანგეთში ბოლო 6 კვირაში პირველად, დღეში ყველაზე ნაკლები, 135 ადამიანი გარდაიცვალა.

    იტალიაში ვირუსს 174 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რაც 10 მარტის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. დღეიდან ქვეყანაში ორ თვიანი კარანტინი სრულდება და შეზღუდვების შემსუბუქება იწყება. გაიხსნება პარკები და სკვერები, ნებადართული იქნება გარეთ ვარჯიში და ნათესავებთან სტუმრობა.

    ერთ დღეში გარდაცვალების 200-მდე შემთხვევა დაფიქსირდა ესპანეთშიც, რომელიც დღეიდან იწყებს საკარანტინო ზომების შემსუბუქებას. სახლიდან ნებართვის გარეშე გასვლას შეძლებენ საბერძნეთშიც, გარდა ამისა, გაიხსნება მცირე ზომის მაღაზიები და სილამაზის სალონები. ღია იქნება ეკლესიებიც, თუმცა მასობრივი ღვთისმსახურების ჩატარება კვლავ აკრძალული რჩება.

    პანდემიის ეპიცენტრი ისევ ამერიკის შეერთებული შტატებია, სადაც ინფიცირების მაჩვენებელი მილიონს აჭარბებს. თეთრი სახლის ადმინისტრაცია ჩინეთის მიმართ კრიტიკას განაგრძობს და ქვეყანას ინფორმაციის დამალვაში ადანაშაულებს. შტატების სახელმწიფო მდივანი აცხადებს, რომ ვირუსის უხანის ლაბორატორიიდან გავრცელების მტკიცებულება არსებობს.
    269 ნახვა
    4-05-2020, 00:25