GOGA.TV
youtube
3
  • მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამდებობიდან მოულოდნელად წავიდა

    ემსახურეთ სამშობლოს და არა პიროვნებებს, - ამ შეტყობინებით დაემშვიდობა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამშრომლებს.

    „მთავარმა არხმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა მინისტრის მოადგილის გამოსამშვიდობებელი sms შეტყობინება, რომელიც მან თანამშრომლებს, თანამდებობის დატოვების შემდეგ გაუგზავნა.

    მინისტრის მოადგილე მიხეილ ნინუა თანამდებობიდან მოულოდნელად წავიდა. არსებული ინფორმაციით, ნინუას პირდაპირი მოვალეობა ეპიდემიის პირობებში საზღვარგარეთიდან ქართველი ემიგრანტების დაბრუნება იყო.

    მინისტრის მოადგილის მოულოდნელად წასვლას ოპოზიციაში ეხმაურებიან. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება დიპლომატებს ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების ლობირებისთვის იყენებს.

    შესაძლოა, ეს ფრაზა უკავშირდება ზოგადად შექმნილ ვითარებას, როდესაც სახელმწიფოს მიტაცების ფონზე, მათ შორის, დიპლომატიური რესურსი არის ასე ვთქვათ, მიტაცებული ბიძინა ივანიშვილის პირადი დღის წესრიგისთვის. ასევე ვფიქრობ, რომ შესაძლოა იყო აზრთა სხვადასხვაობა ჩვენი მოქალაქეების დაბრუნებაზე ქვეყანაში. შესაძლოა მას პროტესტი გაუჩნდა, რადგან ხედავდა, რომ იბლოკებოდა პოლიტიკური მიზეზებით ადამიანების დაბრუნება, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

    ოპოზიციონერი დეპუტატი საგარეო უწყებაში დაწყებულ საკადრო წმენდას მოახლოებულ არჩევნებსაც უკავშირებს და არ გამორიცხავს, რომ „ქართული ოცნება“ საზღვარგარეთ ელექტორატის მოზიდვას მაქსიმალურად შეეცდება.

    არ გამოვრიცხავ, რომ საკადრო წმენდა განხორციელდეს იმ მიზნით, რომ სრულად გააკონტროლოს ინფრასტრუქტურული რესურსები „ქართულმა ოცნებამ“ არჩევნებისთვის, მათ შორის საზღვარგარეთ, - ამბობს სამადაშვილი.

    მინისტრის მოადგილის ფრაზა რომ ქვეყანაში შექმნილ რეალობას ასახავს, ამაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" წევრი, სერგო რატიანი. მისი შეფასებით, სწორედ ბიძინა ივანიშვილის მოსაზრებების მიხედვით მართავს ხელისუფლება ქვეყნის კურსს.

    ფრაზა არის სახასიათო, რაზეც საუბრობს როგორც ქართული, ასევე, საერთაშორისო საზოგადოება - ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ემსახურება ერთ ადამიანს და არა ქართველ ხალხს. ის, რომ ამ ხელისუფლებას მართავს ერთი ადამიანი და არ არიან ეს ადამიანები დამოუკიდებელი პოლიტიკოსები. მათი ნებისმიერი ქმედების დროს ამოსავალი არის ბიძინა ივანიშვილის მოსაზრება და არა ქართველი ხალხის, - განაცხადა სერგო რატიანმა.
    240 ნახვა
    8-05-2020, 16:28