GOGA.TV
youtube
3
გუდაურის საქმეში გარდაცვლილის ადვოკატი,  ბრალდებულის ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებს
  • გუდაურის საქმეში გარდაცვლილის ადვოკატი, ბრალდებულის ადვოკატს სიცრუეში ადანაშაულებს

    გუდაურის საქმეში გარდაცვლილის თამაზ გორთამაშილის ოჯახის ადვოკატი, ლაშა ტყეშელაძე ბრალდებული მერაბ კობიაშილის ადვოკატს ტარიელ კაკაბაძეს სიცრუეში ადანაშაულებს და სოციალური ქსელით პასუხობს.

    გარდაცვლილის ადვოკატი ლაშა ტყეშელაძე ხვალ, გუდაურს საქმეზე ახალი, აქამდე უცნობი ვიდეომტკიცებულებების წარდგენას აპირებს, სადაც ადვოკატის თქმით, გარდაცვლილის უდანაშაულობა მტკიცდება.

    "ყველაზე დიდი სიამოვნებაა, როცა გაქვს საშუალება იბრძოლო უსამართლობის წინააღმდეგ" იმ სტატუსიდან მხოლოდ ამას ვიზიარებ, მაგრამ სამწუხაროა, რომ დღესდღეობით, ეს სიტყვები გათელილია და აზრს კარგავს. სამწუხაროა, როცა ადვოკატი ეთიკას ცდება და სახეს კარგავს.

    სავსებით გასაგებია, რონ ჩემი ამ საქმეში ჩართვა მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნის ტოლფასი იყო თქვენთვის, რადგან დალაგებული, გადაკერილი, დამახინჯებული საქმე ერთ ღამეში სააშკარაოზე გამოვიტანე. საქმე, რომელსაც 3 თვე კერავდით! თქვენ, „სამართლის მოყვარულ ადამიანს“, არასოდეს გაგივრცელებიათ თუნდაც ერთი კადრი, იმის შესახებ, თუ გარდაცვლილი ახალგაზრდა როგორ ცდილობს ბრალდებულის გარიდებას და კონფლიქტის დეესკალაციას!

    თქვენ, „სამართლის მოყვარულ ადამიანს“, არასდროს გაგივრცელებიათ, თუ როგორ გამოიყვანა მან ბარიდან 19 წლის ბიჭი და გონების დაკარგვამდე სცემა. არ გითქვამთ, რომ ფრჩხილების დაძრობით და უმოწყალო წამებით ცდილობდა გათიშულის გონზე მოყვანას, რათა კვლავ ეცადა თავისი შინაგანი დემონის დაკმაყოფილება !!! თქვენ, „სიმართლის მოყვარულ ადამიანს“, არასოდეს გიხსენებიათ, რომ კონფლიქტში არამონაწილე პირს მუცლის არეში დამიზნებით ესვრის ტყვიას, რომელიც არათუ შეეხო მერაბ კობიაშვილს, არამედ საერთოდ არ მონაწილეობდა აღნიშნულ კონფლიქტში. როდესაც ოჯახს ღირსება შეულახეს და ფორსირებულ შეტევას „პროფესიონალი ადვოკატები“ ახორციელებდნენ, ცალმხრივი დამახინჯებული მტკიცებულებებით და ისედაც ამ საშინელი ტრაგედიით დამძიმებული ოჯახი აღმოჩნდა მარტო თქვენს წინაშე ყოველგვარი დახმარების გარეშე და მათი დამცველი საჯარო სივრცეში არც პროკურატურა აღმოჩნდა.

    როდესაც მე დამიკავშირდნენ და დახმარება მთხოვეს. თაზოს დედამ მითხრა, რომ მას შვილი მეორედ მოუკლეს! მე არ შემეძლო, ამ სამარცხვინო სტატუსის შემდეგ, კომენტარი არ გამეკეთებინა. შევეცდები სტატუსში აღწერილ არასწორ ფაქტებზე და რეალობაზე კვლავ გავაკეთო კომენტარი. სამწუხაროა, როდესაც „პროფესიონალი ადვოკატი“ თავის თავს უფლებას აძლევს სიტყვა "ლაჩრობა" ახსენოს სხვისი მიმართულებით, როდესაც ცოტა ხნით ადრე მისი დაცვის ქვეშ მყოფი უმოწყალოდ, არაადამიანურად უსწორდება ზემოთ ხსენებულ 19 წლის ბიჭს. გაუგონარია, როდესაც ადვოკატი კვლავ ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, ახსენებს ათ ადამიანს და ცდილობს, „სამართლის მოყვარული ადამიანის“ იმიჯის მორგებას. სამწუხაროა, როდესაც „პროფესიონალი ადვოკატი“ ცდილობს მკვლელობის გამართლებას და ხუთი გასროლილი ტყვიიდან ახსენებს მხოლოდ ფეხში მოხვედრილ ტყვიას და არ ახსენებს იმ დანარჩენ ოთხ ტყვიას, როდესაც მერაბ კობიაშვილი თავისი ინიციატივით უპირისპირდება მხოლოდ ორ ადამიანს, აქედან ერთს კლავს და მეორეს სასიკდილოდ წირავს, რომელსაც არც ერთ კონფლიქტში არ მიუღია მონაწილეობა.

    აღმაშფოთებელია, როდესაც დგინდება პოსტ ფაქტუმ ექსპერტიზით, რომ მერაბ კობიაშვილი კვლავ ცდილობდა მეექვსედ გასროლას, რომ არა იარაღში გაჭედილი მეხუთე გილზა. მე გავოგნდი, როდესაც საჯაროდ ადვოკატი ამბობს, დასრულებული კონფლიქტის შემდგომ ,რომ ... ვციტირებ: "დავბრუნდებოდი და შურისძიების მიზნით ყველას თავში დავახლიდი ტყიას“. ეს არამხოლოდ ადვოკატის ეთიკის უხეში დარღვევა, არამედ საჯაროდ მკვლელობის უღირსი წახალისებაა. ჩემი ცხოვრებიდან გამომდინარე ვერავინ და ვერასოდეს დამაკავშირებს რომელიმე სახელმწიფო სტრუქტურასთან. ამდენი უღირსი საქციელის და ოჯახის შეურაწყოფის შემდეგ, როდესაც ფაქტებს სინათლე მოეფინა, უნიჭოდ ცდილობ სამართლებრივი დისკუსია ახლა უკვე პოლიტიკის ბინძურ ჭაობში გადაუშვა. კოლეგავ, სახეს ნუ დაკარგავ!"- წერს გარდაცვლილი თამაზ გორთამაშვილის ადვოკატი.

    მანამდე, მერაბ კობიაშილის ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ხვალ მერაბ კობიაშვილის საქმეზე დაზარალებულის ადვოკატი მართავს პრესკონფერენციას, სადაც არ აპირებს აჩვენოს ვიდეო, რომელშიც გარდაცვლილისთვის სასიკვდილო დაზიანების მიყენების მომენტია ასახული.

    "პრეს კონფერენციაზე შეიძლება დამალოს პირმა მთავარი მტკიცებულება, მაგრამ სასამართლოში არაფერი დაიმალება"- წერს ტარიელ კაკაბაძე.

    16 თებერვალს გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს განზრახ მკვლელობის მუხლით, ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.
    365 ნახვა
    12-05-2020, 01:03