GOGA.TV
  • გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო

    გურჯაანის რაიონულმა სასამართლომ 5 წლის ბავშვთან გარყვნილ ქმედებაში ბრალდებული მამაკაცი უდანაშაულოდ სცნო. განაჩენის გამოხადებას დაზარალებულის პროტესტის მოჰყვა. ბავშვის ოჯახის წევრებმა სასამართლოს შენობაში შეღწევა რამდენჯერმე სცადეს. ისინი საქმის პროკურორთან და მოსამართლესთან შეხვედრას და მათგან განმარტებების გაკეთებას ითხოვდნენ.

    ადვოკატის თქმით, ორი არასრულწლოვნის ჩვენება, რომლიც საქმეში დევს, მოსამართლემ მტკიცებულებად არ მიიჩნია.

    ხმაურიანი დაპირისპირების შემდეგ, ბავშვის ოჯახი, რომელიც 58 წლის მამაკაცს სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს, გურჯაანის რაიონულ პოლიციაში საქმის პროკურორს შეხვდა. შეხვედრას დაესწრო ოჯახის უფლებადამცველიც. მათი თქმით, ბრალდების მხარემ სიმშვიდისკენ მოუწოდათ და საქმის გასაჩივრებას დაპირდა.

    დასაბუთებული განაჩენის ჩაბარების შემდეგ ოჯახი საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს.

    ფაქტი ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში მოხდა. ბრალდებულის დაკითხვა პროკურატურამ პატიმრობის 9 თვიანი ვადის ამოწურვამდე ვერ მოახერხა. ბრალდებულ მამაკაცს გირაო ჰქონდა შეფარდებული.

    საქმის გასაჩივრებამდე კი მსხვერპლსა და მოძალადეს ერთ ეზოში უწევთ ცხოვრება, რაც ოჯახის განსაკუთრებულ გაღიზიანებას იწვევს.
    156 ნახვა
    13-05-2020, 23:52