GOGA.TV
youtube
3
  • მმართველი გუნდის ვიცე სპიკერის თქმით საქართველოში პოლიტპატიმრები არ არიან

    მმართველი გუნდის ვიცე სპიკერმა გიორგი კახიანმა "დღის კურიერის" ეთერში პოლიტიკურ ძალებს შორის ორთვიან დაპირისპირებასა და 8 მარტის შეთანხმებაზე ისაუბრა. გიორგი კახიანს იმედი აქვს, რომ საარჩევნო სისტემის ცვლილება განხორციელდება და მისივე თქმით, თუ ამას მხარს არ დაუჭერს ოპოზიცია ეს მათი პოლიტიკური პასუხისმგებლობა იქნება.

    გიორგი კახიანმა ევროპელი პარტნიორების გზავნილზეც ისაუბრა და თქვა, რომ მათ მიერ გამოგზავნილ წერილებს მმართველი გუნდი მიუხედავად იმისა, რომ არ ეთანხმება - რჩევად იღებს.

    ​"ჩვენ ყოველთვის ვაკეთებთ შეფასებებს იმ განცხადებებზე, რასაც ჩვენი ევროპელი პარტნიორები ავრცელებენ. ამ ყველაფერს ჩვენ მათი მხრიდან რჩევად ვიღებთ. ჩვენ მართალია არ ვეთანხმებით მათ შეფასებებს, მაგრამ გვახსოვს რომ მსგავსი გზავნილები ადრეც გაკეთებულა, მაგალითად 2013 წელს - ახალაიასთან და მერაბიშვილთან მიმართებით. ვგულისხმობ იმას, რომ მათაც, როგორც პოლიტიკურ პატიმრებს ისე მოიხსენიებდნენ. ასე, რომ ამას რასაკვირველია ჩვენი მხრიდანაც შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

    საქართველოში დღეს, პოლიტპატიმრები არ არიან, პირიქით ჩვენ წარსულ ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები იყვნენ.

    შემთხვევითი არ იყო, როდესაც ჩვენ, ევროპარლამენტარებს შევთავაზეთ, რომ შეექმნათ შესაბამისი კომისია და ადგილზე მივაწვდიდით მათ კითხვებზე სწორ პასუხებს. მე არ მგონია ქვეყნის შიგნით ვინმე ფიქრობდეს, რომ პოლიტიკური პატიმრები გვყავს.

    ჩვენი მეგობრები, რომლებიც დღეს ასეთ შეფასებებს აკეთებენ, მიესალმებოდნენ იმ შეფასებებს, რომელიც საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით გაკეთდა. დღეს როდესაც ოპოზიცია ამბობს, რომ ისინი კონსტიტუციურ ცვლილებებს მხარს არ დაუჭერენ, ბუნებრივია ეს გარკვეულ რეზონანს გამოიწვევდა.

    ოპოზიციის შეფასებები არათანმიმდევრული და არაადეკვატურია. კურიოზი და აბსურდია ის, რომ ოპოზიციას ისე გამოჰყავს თითქოს ჩვენ ვაპირებთ საარჩევნო სისტემის ჩაგდებას. მე მაინც იმედი მაქვს რომ საკონსტიტუციო ცვლილება განხორციელდება. მაგრამ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ოპოზიცური ჯგუფი მაინც ვერ გაეცლება. "ნაციონალური მოძრაობა" მშვენივრად ხვდება, რომ მათ არჩევნების გზით ხელისუფლებაში მოსვლის არანაირი შანსი არ აქვთ. ჩვენ ჩვენი მხრიდან ყველაფერს გავაკეთებთ რომ საარჩევნო ცვლილება მივიღოთ და თუკი ოპოზიცია ამას მხარს არ დაუჭერს ეს ნიშნავს იმას, რომ ისინი არ არიან მზად ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღონ,"- განაცხადა მმართველი გუნდის ვიცე სპიკერმა, გიორგი კახიანმა.
    145 ნახვა
    15-05-2020, 09:07