GOGA.TV
youtube
3
  • 37 მილიონი გეგუთის ციხის რეაბილიტაციისთვის

    გეგუთის ციხის რეაბილიტაციაში, იუსტიციის სამინისტრო 36 მილიონ 900 ათას 355 ლარს ივანიშვილის ფავორტ კომპანიას უხდის. ''ანაგი'' ერთადერთია, ვინც გასაიდუმლოებულ ტენდერში მონაწილეობას იღებს. ქვეყანაში ყველაზე მსხვილი პროექტების შემსრულებელმა კომპანიამ ახლა მორიგი დაკვეთა უნდა შეასრულოს. გეგუთის ციხეში მყოფ პატიმრებს, ფასის შესაბამისი პირობები უნდა შეუქმნას. პენიტენციურმა სამსახურმა შესყიდვა 28 აპრილს გამოაცხადა - 13 მაისს კი წინადადებების მიღება დასრულდა. პროცესის ბოლოს აღმოჩნდა, რომ სატენდერო პირობების მხოლოდ ივანიშვილის ფავორიტ კომპანიას შეუძლია.

    წულუკიანის უწყება, თითქმის 37 მილიონის დახარჯვას საიდუმლო წესით გეგმავს, რაც ხარჯების კონტროლს წარმოუდგენელს ხდის. მთავარი პირობა, რომელიც პენიტენციურ სამსახურს აქვს, საიდუმლოების წესის დაცვაა.

    სამშენებლო კომპანია "ანაგი" პირველი და უკანასკნელი იყო, ვინც განაცხადი კონკურის ბოლო დღეს გააკეთა. პროცედურის მიხედვით, უწყებას გადაწყვეტილება უკვე მიღებული აქვს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ გეგუთის ციხის რეაბილიტაციას სწორედ ''ანაგს'' ჩააბარებენ, თუმცა გასაიდუმლოებული ტენდერის გამო ისინი კორუფციის რისკებზეც საუბრობენ.

    დეტალების გასარკვევად "მთავარმა არხმა" სამშენებლო კომპანიის ოფისს მიაკითხა. გადამღებ ჯგუფს დირექტორი ადგილზე არ დახვდა, თანამშრომლებმა კი თქვეს, რომ ''ანაგი'' ჯგუფის პროექტებზე ინფორმაციას არ ფლობდნენ.

    პანორამა თბილისი, ორბელიანის მოედანი, გუდიაშვილის მოედანი, გალერეა თბილისი, ისთ ფოინთი, სითი მოლი - ეს იმ მსხვილი პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომელიც ბიძინა ივანიშვილის ფავორიტმა კომპანიამ შეასრულა. მიუხედავად იმისა, რომ ყველა მასშტაბური პროექტი "ქართულმა ოცნებამ" ''ანაგი'' ჯგუფს ჩააბარა, კომპანიის დირექტორი ირაკლი გოგოლიშვილი არ აღიარებს, რომ გეგუთის ციხის რეაბილიტაციაც მას მიანდეს.

    "ანაგი" ჯგუფი და მასთან დაახლოებული კომპანიები "ქართული ოცნების" შემომწირველები არიან, რის გამოც, ოპოზიციის აზრით, ხელისუფლება ყველა მსხვილ პროექტს მხოლოდ ''ანაგი'' ჯგუფს აძლევს. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ხელისუფლება ანაგი ჯგუფთან გარიგებულია, რის გამოც გამოძიების დაწყებას ითხოვს.

    რა სამუშაოების ჩატარებას გეგმავს პენიტენციური სამსახური, უცნობია. რაში იხარჯება 37 მილიონი და როდის ჩაიბარებს გეგუთის ციხის რეაბილიტაციის პროექტს სამშენებლო კომპანია ''ანაგი''- "მთავარი არხის" შეკითხვებს წულუკიანის უწყება ამ დრომდე არ პასუხობს.
    167 ნახვა
    17-05-2020, 09:04