GOGA.TV
youtube
3
პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან დაახლოვებული პირები დააკავა
  • პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან დაახლოვებული პირები დააკავა

    ბიზნესმენისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და დიდი რაოდენობით იძულებით დათმობილი თანხის საქმეზე პოლიციამ "ქურდული სამყაროს" წევრები და მათთან დაახლოვებული პირები დააკავა. სულ საუბარია 13 ადამიანზე.

    დადგინდა, რომ ბიზნესმენი მოტყუებით თბილისში მდებარე ერთ-ერთ ნაქირავებ ბინაში წაიყვანეს. ის ტელეფონით დააკავშირეს საზღვარგარეთ მყოფ ქართველ "კანონიერ ქურდთან" და სწორედ ამ გზით გამოსძალეს 7500 ამერიკული დოლარი.ასევე, იძულებით დაითანხმეს, რომ 2 თვის განმავლობაში თანხა გაიზრდებოდა 50 ათასი დოლარით. დანაშაულში მხილებული პირების დაკავების ოპერაცია ჩატარდა თბილისში, ცაგერში, ხაშურსა და ბათუმში.

    როგორც ირკვევა, დაკავებულებიდან რამდენიმე კიდევ სხვა დანაშაულებრივ ეპიზოდშიც ფიგურირებს. კერძოდ, 2020 წლის მარტსა და აპრილში, სავარაუდო დამნაშავეები ავტომანქანების გასხვისებასთან დაკავშირებულ დავებში მონაწილეობდნენ. საზღვარგარეთ მყოფი კანონიერი ქურდების მხარდაჭერით მოაწყეს "ქურდული გარჩევები" და სხვადასხვა მხარეს გარკვეული თანხის გადახდა დააკისრეს. მიღებული თანხა კი, "ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდასაჭერად გამოიყენეს.

    რაც შეეხება სპეცოპერაციას, დილის 6 საათზე საგამოძიები უწყების წარმომადგენლებმა, სანზონაში მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე პირი ერთდროულად აიყვანეს.

    ოფიციალური ვერსიის ბრალდებულების ოჯახის წევრებს არ სჯერათ. "კურიერი“ ერთ-ერთი დაკავებულის ძმას ესაუბრა, რომელიც აღნიშნავს, რომ 13 დაკავებული პირიდან, მისი ინფორმაციით, 4 ამ დანაშაულებრივ სქემაში არის შემთხვევით მოხვედრილი. ოჯახი აპირებს ბოლომდე იბრძოლოს, რათა ბრალდებულის უდანაშაულობა დაამტკიცონ.

    "დილის 6 საათზე შეცვივდნენ ოჯახში, არანაირი ორდერით. 3-4 კაცი არის, რომელიც საერთოდ უდანაშაულო არის. ერთი 65 წლის კაცი ჰყავთ დაკავებული, რომელიც ტყუილ-უბრალოდ მოხვდა, სთხოვა ბიჭებს, რომ რაღაცა მანქანა გაყიდა, თანხას არ მიბრუნებენო უკანო. ეს ბიჭები მივიდნენ, თანხის დაბრუნებაში მიეხმარნენ ამ კაცს და ეს კაციც თანამონაწილედ ჩათვალეს, თითქოს ფული გამოსძალეს ვიღაცას.

    მსგავსი არაფერი უხსენებია, რომ ვინმე კანონიერ ქურდთან აქვს კონტაქტი და მაგათ საიდან გაიგეს, არ ვიცი," - აცხადებს დაკავებულის ძმა ანზორ შიოშვილი.

    რაც შეეხება იმ ავტომობილებს, რომლებზეც საგამოძიებო უწყებამ განაცხადა, რომ 3 ძვირადღირებული ავტომობილი ნივთმტკიცების სახით არის საქმეში, თავად ოჯახი ამ ავტომობილებზე ამბობს, რომ 3-დან 2 BMW-ს მარკის ძვირადღირებული ავტომობილი უშუალოდ მათ საკუთრებაში არის და ისინი ოჯახმა კანონიერად შეისყიდა.

    რაც შეეხება იმ ვერსიას, რომელზეც გამოძიება საუბრობს, ბიზნესმენის უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაზე, ერთ-ერთი ბრალდებულის ოჯახმა „კურიერის“ კითხვაზე განაცხადა, რომ სავარაუდოდ ეს ფაქტი უკავშირდება 65 წლის მამაკაცს, რომელიც ამავე საქმეზე არის ამ დროისთვის დაკავებული. 65 წლის მამაკაცმა ცოტა ხნის წინ გაყიდა მისი საკუთარი ავტომობილი და ერთ-ერთ ბიზნესმენს მიჰყიდა, რის შემდეგაც ავტომობილის სანაცვლოდ თანხის მიღება მან ვერ შეძლო და სწორედ ეს პრობლემა გახდა იმის მიზეზი, რომ 65 წლის მამაკაცმა მის ახლობლებს დახმარება სთხოვა.

    გარკვეული პერიოდი ამ პირებზე გამოძიებას შსს ახორციელებდა, ფარულ საგამოძიებო მოქმედებს ატარებდა და დღეს უწყებამ გაავრცელა ასევე ფარული სატელეფონო ჩანაწერები. ჩანაწერებში საუბარია როგორც ე.წ. კანონიერ ქურდებზე, ასევე გარკვეულ თანხებზე.

    ქურდული სამყაროს წევრობა, ქურდული სამყაროს წევრებისთვის მიმართვა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა და ძალადობა - ეს არის იმ ბრალდებების ჩამონათვალი, რომელსაც სახელმწიფო ბრალდება 13 პირს ედავება. დანაშაული 3-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
    220 ნახვა
    20-05-2020, 09:33