X
GOGA.TV
13
  • ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ძალადობის დეტალებს იხსენებს

    ძალადობაში ბრალდებული ნიკოლოზ ბასილაშვილის ყოფილი მეუღლე ნეკა დოროყაშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ მისსა და ყოფილ ქმარს შორის კონფლიქტში ასევე, მისი ყოფილი მამამთილი ჩაერია.

    ნეკა დოროყაშვილის თქმით, მას ყოფილი მამამთილი მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით გარკვეული საგნით გამოეკიდა. დოროყაშვილი კონკრეტულად ვერ იხსენებს, თუ რა საგანი იყო ეს და ვარაუდობს, რომ აღნიშნული საგანი შესაძლოა ნაჯახი იყო.

    "ჩემს დანახვაზე, როცა მივაკითხე ჩემს შვილს, არ ვიცი რა მოუვიდა, მთვრალი იყო თუ რა სჭირდა არ ვიცი, გამოგვეკიდა მე და ჩემს შვილს რაღაცა იარაღით. თვითონ იძახის, რომ ეს იყო გიტარა, თუ რაღაც. მე ვერ ვადასტურებ რა იყო, იმიტომ, რომ რაღაც დიდი ტარი ჰქონდა, მე მგონი იყო ნაჯახი. მე არც მახსოვს ეს დეტალები, ბავშვი მეჭირა ხელში და გამოვიქეცი. ერთი ის მახსოვს, რომ რაღაც მანქანაში ჩავჯექი. კონკრეტულად დეტალებს ვერ ვიხსენებ. მამა გამომეკიდა რაღაცა საგნით, რა საგანი იყო არ ვიცი, ჰქონდა ძალიან დიდი ტარი," - აღნიშნა ნეკა დოროყაშვილმა.

    დღეს ბრალდების მხარემ დაადასტურა, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილის მამას რძლის მიმართ შემაკავებელი ორდერი აქვს გამოწერილი.

    შეგახსენებთ, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლომ ნიკოლოზ ბასილაშვილს 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

    საქართველოს პროკურატურამ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ნიკოლოზ ბასილაშვილს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით წარუდგინა, რაც ოჯახის წევრის მიმართ არასრულწლოვნის თანდასწრებით ძალადობას გულისხმობს.

    გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 21 მაისს, თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ნიკოლოზ ბასილაშვილმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ყოფილი მეუღლის ნ.დ.-ს მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა.
    238 ნახვა
    24-05-2020, 09:14
    News-ები