GOGA.TV
  • არსებობს საფრთხე, რომ შეიკვეცოს ოპოზიციის უფლებები

    "არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი ამ ცვლილების ფონზე შეიკვეცოს ოპოზიციის უფლებები" - ასე ეხმაურება ოპოზიცია კანონპროექტს, რომლითაც პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებები იგეგემებოდა. ახალი ცვლილებები, პარლამენტში კომიტეტების შემცირებას და ფრაქციების გაზრდას გულისხმობდა, თუმცა კანონპროექტის ავტორებმა პროექტი რამდენიმე საათში უკანვე გაიწვიეს.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, სალომე სამადაშვილი არ გამორიცხავს, რომ მმართველი გუნდი არსებული კანონპროექტით ოპოზიციის საქმიანობის შეზღუდვას ცდილობდეს. სამადაშვილი ცვლილებების დადებით მხარეზეც საუბრობს და ამბობს, რომ ზოგიერთმა მათგანმა, შესაძლოა, პარლამენტში ბიუროკრატიის შემცირებასაც შეუწყოს ხელი.

    ზოგიერთი მათგანი, შეიძლება ჩავთვალოთ, არის მიმართული იქითკენ, რომ შემცირდეს პარლამენტში ბიუროკრატია, რაც თავისთავად, ჩემი აზრით, ცუდი არ იქნება, მაგრამ ასევე არსებობს საფრთხე, რომ ზოგიერთი ამ ცვლილების ფონზე შეიკვეცოს ოპოზიციის უფლებები და მე პირადად ვიფიქრებდი ხელისუფლების ადგილზე, რომ შემდეგი საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შესაძლოა, დღევანდელი მმართველი პარტია აღმოჩნდეს სწორედ ოპოზიციაში და უმცირესობაში, - აცხადებს სალომე სამადაშვილი.

    "დამოუკიდებელი დეპუტატების" თავმჯდომარის მოადგილე, ლევან კობერიძე "ქართული ოცნების" მხრიდან მორიგ ხრიკზე საუბრობს. მისი თქმით, შესაძლოა მმართველი გუნდი თავისი დაბალი რეიტინგის გამო, პარლამენტის უფლებამოსილების შესუსტებას ცდილობდეს.

    "ქართული ოცნება" რეალურად ემზადებოდა იმისთვის, რომ მისი დაღმავალი რეიტინგის გამო, გაცილებით მცირე რაოდენობით იქნება წარმოდგენილი პარლამენტში, შესაბამისად, "ქართული ოცნება" ემზადება იმისთვის, რომ რაც შეიძლება ნაკლები პოლიტიკა იყოს და სურს, რომ ნაკლები პოლიტიკა იყოს პარლამენტში და მთავარი თემა აქ არის ფრაქციების შემცირების თემა, ანუ რაოდენობრივად ერთ პარტიას რომ მხოლოდ ერთი ფრაქციის შექმნა შეეძლოს. ეს არის მიმართული იმისკენ, რომ პარლამენტი იყოს დასუსტებული, - აცხადებს კობერიძე.

    კანონპროექტის ერთ-ერთი თანაავტორი, გურამ მაჭარაშვილი ცვლილებების მიზეზებს განმარტავს. მაჭარაშვილის განცხადებით, პარლამენტის რეგლამენტში ცვლილებების აუცილებლობა საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის ოპტიმიზაციას ემსახურება. მაჭარაშვილი, ერთ-ერთ კომპონენტად, რეგლამენტის ცვლილებების საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში მოსვლის საჭიროებას ასახელებს.

    პარლამენტრის რეგლამენტში ცვლილებები არის დაფუძნებული ორ კომპონენტზე. ერთი გახლავთ ის, რომ საქართველოს კონსტიტუციასთან შესაბამისობაში უნდა მოვიდეს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში არსებული პროცედურები, რომელიც არეგულირებს სხვადასხვა მიმართულებას პარლამენტის საქმიანობის და მეორე, ეს გახლავთ პარლამენტის საქმიანობის ოპტიმიზაცია.

    პირველი, რაც ეხება კონსტიტუციასთან შესაბამისობას, ეს გამოწვეულია მაგალითად იმიტომ, რომ იცვლება ფრაქციათა მინიმალური რაოდენობა, შვიდია ექვსის ნაცვლად. ასევე, ნაცვლად უმცირესობისა და უმრავლესობისა იქნება საპარლამენტო ოპოზიცია და საპარლამენტო უმრავლესობა. ესეც გამომდინარე იქიდან, რომ კონსტიტუციაში ნახსენებია სიტყვა ოპოზიცია და არა უმცირესობა, - აცხადებს გურამ მაჭარაშვილი.

    კანონპროექტის ინიცირება ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე იგეგმებოდა, თუმცა ავტორებმა ის უკან გაიწვიეს. როდის მოხდება პარლამენტში კანონპროექტის ხელახლა შემოტანა, ჯერჯერობით უცნობია.
    245 ნახვა
    26-05-2020, 12:30