GOGA.TV
youtube
3
  • წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს

    წინასაარჩევნო ფასიანი პოლიტიკური რეკლამა შესაძლოა, აიკრძალოს - ინიციატივით პარლამენტის ფრაქცია "პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატების" წევრი გია ჟორჟოლიანი გამოდის.

    როგორც გია ჟორჟოლიანი აცხადებს, არჩევნების შედეგები ხშირად არის დამოკიდებული ფინანსებზე, რაც ყველა პარტიას თანაბარ გარემოში არ აყენებს.

    "ერთგვარად შესაძლოა წარმოიდგინო, რომ თითქოს ეს მედიის დაფინანსების წინააღმდეგ არის მიმართული. არაფერი ამის მსგავსი აქ არ არის. პარტიების საარჩევნო რეკლამა, ეს არ არის რაღაც ფეხსაცმელი ან პერანგი, რომელიც მომეწონება, იმას ვიყიდი და მერე გამოვცვლი. ეს არ შეიძლება იყოს დამოკიდებული სრულად ფინანსებზე და ფულზე.

    სამწუხაროდ, ჩვენთან არჩევნების შედეგები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ფინანსებზე, სადაც წამყვან როლს თამაშობს მედია," - განაცხადა გია ჟორჟოლიანმა.

    "ნაციონალური მოძრაობის" წევრი სალომე სამადაშვილი ფიქრობს, რომ ინიციატივა დემოკრატიულ პრინციპებს ეწინააღმდეგება.

    "ნებისმიერი შეზღუდვა პოლიტიკური საქმიანობის რეკლამირების დღეს აწყობს ხელისუფლებას და მის ინტერესში შედის. მიმაჩნია, რომ მსგავსი აკრძალვა ეწინააღმდეგება დემოკრატიის ინტერესებს. მნიშვნელოვანია ჩვენ სხვა გზებით ვეცადოთ ის, რომ შეიქმნას მეტნაკლებად ერთნაირი შესაძლებლობების გარემო სხვადასხვა პოლიტიკური სუბიექტებისთვის.

    ეს გარემო ირღვევა პირველ რიგში ხელისუფლების მხრიდან, საბიუჯეტო სახსრების ბოროტად გამოყენებით," - განაცხადა სამადაშვილმა.

    "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძეც მიიჩნევს, რომ ინიციატივა არასწორია და სამთავრობო ძალის უპირატესობაზე იქნება მიმართული.

    "ჩვენ გვაქვს გარემო, სადაც გვყავს მილიარდერი და გვყავს სახლემწიფო ადმინისტრაციული აპარატი, რომელიც ფულს ხარჯავს წინაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების ე.წ. საქმეების წარმოჩინებაზე. ამიტომ ახლა საუბარი, რომ პოლიტიკური რეკლამა ფასიანი არ იყოს წინასაარჩევნო დროს, უბრალოდ არასწორია, რადგან ეს ნიშნავს, რომ ქართულ ოცნებას ექნება უპირატესობა," - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

    საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების პროექტში ნათქვამია, რომ ყველა საარჩევნო სუბიექტი თანაბრად ისარგებლებს უფასო სარეკლამო დროით. აგრეთვე საზოგადოებრივი მაუწყებელი გამოყოფს ყოველდღიურად 5 საათს, რომელიც უსასყიდლოდ, თანაბრად და არადისკრიმინაციულად განაწილდება ყველა საარჩევნო სუბიექტს შორის, შედეგად კი ფასიანი რეკლამის შესაძლებლობა პარტიებს აღარ ექნებათ.
    131 ნახვა
    2-06-2020, 08:28