GOGA.TV
  • ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა "ეკო გაზის" გადატანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს

    აფეთქება გაზგასამართ სადგურზე - ახლომდებარე კორპუსებში მცხოვრები მოსახლეობა "ეკო გაზის" გადატანის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას გეგმავს. მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი, რომელიც გაზგასამართ სადგურთან მდებარე ახალაშენებულ კორპუსში ცხოვრობს, მორიგი აფეთქების საშიშროებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, დასახლებულ ადგილას მსგავსი გაზგასამართი სადგურების არსებობა მიზანშეწონილი არ არის.

    ასეთი რაღაც კიდევ რომ განმეორდეს და ეს კორპუსები იყოს სრულად დატვირთული, მე მგონია, რომ ძალიან დიდი მსვერპლი იქნება. ამიტომ, მინდა ვთხოვო ყველას ვისაც ეს ხელეწიფება და ვისაც შეუძლია ამის მოგვარება, იქნებ რამენაირად დააკმაყოფილონ სხვა ტერიტორიით. საერთოდ, ისედაც წესი არის, რომ გაზგასამართი სადგური, ბენზინგასამართი სადგურები ყოველთის არის ხოლმე, უნდა იყოს ყოველშემთხვევაში, დასახლებიდან ცოტა მოშორებით, გამწვანებულ ადგილზე,- ამბობს ტატიშვილი.

    გაზგასამართი სადგურის გადატანა კატეგორიულად მიუღებელია "ეკო გაზის" დირექტორისთვის. მისი განმარტებით, აღნიშნულ ადგილზე გაზგასამართი სადგური 2012 წლიდან ფუნქციონირებს, ხოლო კორპუსების უფრო მოგვიანებით აშენდა, შესაბამისად, გაზგასამართი სადგურის გადატანასთან დაკავშირებით პრეტენზიაც ვერავის ექნება.

    ეს "ჯიელჯი გრუპი" მინიმუმ ფუნქციონირებს რვა წელიწადია. ამას ვამბობ მინიმუმ. მანამდე კიდევ მშენებლობის სამუშაოები მიდის რაღაცეები. ის, რომ დღეს ვინმემ ულტიმატუმის ენით რაიმე მოგვთხოვოს, არ დავეთანხმები არცერთ ვარიანტში, იმიტომ, რომ ის, ვინც გუშინ მოვიდა აქ, მე აქ გუშინწინ ვიყავი. ის მე პრეტენზის ვერ წამიყენებს,- ამბობს "ეკოგაზის დირექტორი, დავით ქუთათელაძე.

    კომპანიის წარმომადგენლების თქმით, გაზგასამართ სადგურზე შემთხვევით მსგავსი აფეთქება ვერ მოხდებოდა, თუმცა კონკრეტულად ვინმეს მხრიდან დივერსიაზე საუბარი უჭირთ.

    ამაშუკელის ქუჩაზე მდებარე გაზგასამართ სადგურზე აფეთქება გუშინ საღამოს, დაახლოებით ათი საათისთვის მოხდა. დაშავებულია ერთი ადამიანი. მამაკაცს სხეულის 25%-ის დამწვრობა აღენიშნება. ის მკურნალობას სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში გადის.
    214 ნახვა
    2-06-2020, 09:02