GOGA.TV
youtube
3
  • ქართული ოცნების წინასაარჩევნო ლექსიკა სიძულვილის ენით ხასიათდება

    ქართული ოცნების წინასაარჩევნო ლექსიკა სიძულვილის ენით ხასიათდება - ასე აფასებს ოპოზიცია მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან ოპონენტების მისამართით გაკეთებულ განცხადებებს.

    დამოუკიდებელი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მსგავსი ქცევის ერთადერთი მიზანი "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო სიაში მოხვედრაა. მათი მოსაზრებით, მმართველ გუნდს საზოგადოების და მათ შორის, საკუთარი პოლიტიკური ოპონენტებისადმი ასეთი დამოუკიდებულება ძვირად დაუჯდება და შედეგებს შემოდგომის არჩევნებზე მოიმკიან.

    მე ვფიქრობ, რომ ეს გათვლილია მხოლოდ და მხოლოდ იმაზე, რომ ასიამოვნონ ერთადერთ ადამიანს, ძალიან დიდ ფასს გადაახდევინებს ქართულ ოცნებას და ზოგადად, ესეთი პიროვნებები არის ის, რომ ქართულ ოცნებას ყოველდღე უფრო და უფრო უვარდება რეიტინგი და რაც უფრო ხშირად გამოაჩენენ, მე პირიქით, მივესალმები, - ამბობს დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე.

    მმართველი გუნდის წევრები ამ შენიშვნას არ იღებენ და ამბობენ, რომ სიძულვილის ენა სწორედ ოპოზიციური პოლიტიკოსებისა და მედიისგან ისმის.

    სიძულვილის ენა არის დამღუპველი ჩვენი საზოგადოებისთვის. ამის მთავარი ლობისტები, სამწუხაროდ, ხართ, ის მედია საშუალებები, რომლებიც განთქმული ხართ თქვენი სიძულვილის ენით, - ამბობს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი.

    იგი მედიის წარმომადგენლებს ერთმანეთისა და საზოგადოების გაფრთხილებისკენ მოუწოდებს. მთავრობის წევრები ამბობენ, რომ ქართული პოლიტიკური ლექსიკა ძალიან დაბინძურებულია და კარგი იქნება, თუ ყველა საკუთარ თავს გააკონტროლებს.

    არასაპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელთა თქმით, ასე იქცევა ხელისუფლება, რომელიც გრძნობს, რომ მისი დასასრული ახლოვდება.

    ეს მიუთითებს მათი განათლების დონეზე, ეს მიუთითებს საერთოდ ვისთან გვაქვს საქმე, ეს მიუთითებს ამ ადამიანების განვითარების ხარისხზე. ამიტომ არის ასეთ უბედურებაში ჩვენი ქვეყანა, - ამბობს "ახალი საქართველოს" ლიდერი გიორგი ვაშაძე.
    144 ნახვა
    11-06-2020, 09:22