GOGA.TV
youtube
3
ფასი წულუკიანის პაროლისთვის
  • ფასი წულუკიანის პაროლისთვის

    მარტივი კომბინაციის შესრულების შემდეგ, ქუთაისის #2 პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრაციის უფროსი იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში მოხვდა. შორენა ჯიმშელეიშვილი სატესტო რეჟიმში მუშაობდა და ტრენინგზე მიღებული მითითებების მიხედვით მოქმედებდა.

    სასჯელაღსრულების დაწესებულების თანამშრომელს ვარჯიში ძვირად დაუჯდა. ექვსი თვის შემდეგ შორენა ჯიმშელეიშვილს იუსტიციის სამინისტროს შიდა მონიტორინგის სამსახურის თანამშრომლებმა მიაკითხეს. "რადიო თავისუფლების" გამომძიებელი ჟურნალისტის გიორგი მგელაძის მიერ მოპოვებული მასალის მიხედვით ირკვევა, რომ ჯიმშელეიშვილი, იუსტიციის მინისტრის სამსახურებრივ ელექტრონულ სისტემაში 71-ჯერ უკანონოდ შეღწევაში დაადანაშაულეს.

    რა მოხდა სინამდვილეში?! - მას შემდეგ, რაც 2018 წელს სასჯელაღსრულების სამინისტრო იუსტიციის სამინისტროს შეუერთდა თანამშრომლებს საქმეთა წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობა დაევალათ. სასჯელაღსრულების სამინისტროს თანამშრომელთა გადამზადება დაიწყო. მათ სისტემაში პირადი გვერდები შეუქმნეს და სატესტო რეჟიმში მუშაობა დაავალეს.უფრო მეტიც, როგორც მინისტრს, ისე ათეულობით თანამშრომელს სისტემაში შესასვლელად საერთო პაროლი 1-იანი მიენიჭათ. ჯიმშელეიშვილი და მისი ადვოკატი ამტკიცებენ, რომ თანამშრომლებს ისიც ევალებოდათ, შესულიყვნენ ადრესატის ფოსტაში და დაედგინათ - მივიდა თუ არა წერილი დანიშნულების ადგილამდე, შორენას შემთხვევაში ადრესატი თეა წულუკიანი იყო.

    შორენა სატესტო რეჟიმში 2018 წელს მუშაობდა, 2019 წლის 14 იანვარს სატესტო რეჟიმი დასრულდა. ამის შემდეგ სასჯელაღსრულების თანამშრომელი მინისტრის გვერდზე აღარ შესულა. ჯიმშელეიშვილით
    მონიტორინგის სამსახური კი მხოლოდ აპრილში დაინტერესდა. თუმცა, გამოძიებამ ჯიმშელეიშვილის განზრახვა, რატომ უნდა შესულიყო წულუკიანის ელექტრონულ ფოსტაში, ვერ დაადგინა.

    რატომ არ იყო დაცული მინისტრის სამსახურეობრივი მეილი და ვის უნდა ეზრუნა სისტემის უსაფრთხოებაზე იუსტიციის სამინისტროში არ განმარტავენ. "მთავარი არხის" კითხვებს წულუკიანის უწყება არ პასუხობს. არასამთავრობო ორგანიზაცია "საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის" ხელმძღვანელი კი სრულ პასუხისმგებლობას მინისტრსა და მის უწყებას აკისრებს.

    ჯიმშელეიშვილი ყოფილ ხელმძღვანელებს ზეწოლაში ადანაშაულებს და მათ სასამართლოში უჩივის. ადვოკატის განმარტებით, მათ უკვე მიმართეს საქალაქო სასამართლოს - მისი დაცვის ქვეშ მყოფი, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას ითხოვს.
    290 ნახვა
    12-06-2020, 15:16