GOGA.TV
youtube
3
ბიუჯეტის პროექტის განხილვა - ასეთი რამ არ მომხდარა შევარდნაძის დროსაც კი
  • ბიუჯეტის პროექტის განხილვა - ასეთი რამ არ მომხდარა შევარდნაძის დროსაც კი

    კორექტირებული ბიუჯეტის პროექტის განხილვას ფრაქციები იწყებენ. საკითხის დეტალებზე დღეს "ნაციონალური მოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" ფრაქციებში იმსჯელებენ. "ნაციონალური მოძრაობა" აპირებს, ფინანსთა მინისტრის მოადგილეს ბიუჯეტის ცვლილებასთან დაკავშირებით საკუთრი გეგმა წარმოუდგინოს.

    "ეს ბიუჯეტი არის უპრეცედენტო და გამოხატავს ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობას. ჩვენი ქვეყნის ბიუჯეტის 54%, ფაქტობრივად, არის ფორმირებული ნაჩუქარი და ნასესხები თანხებით. ასეთი რამ არ მომხდარა შევარდნაძის დროსაც კი. როდესაც ქვეყანაში საგანგებო ვითარებიდან გამომდინარე ასეთი ტიპის ბიუჯეტია, თითოეულ თეთრს უნდა გაფრთხილება. ნაცვლად ამისა, შემოიტანეს ფლანგვის ბიუჯეტი,"- განაცხადა რომან გოცირიძემ.

    "ევროპული საქართველოს" წევრი ზურაბ ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ კორექტირებული ბიუჯეტი არ არ პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნას, რაც საქართველოს მოსახლეობას და ეკონომიკას აქვს

    "წარმოდგენილი საბიუჯეტო ცვლილებები არ პასუხობს იმ მთავარ მოთხოვნას, რაც დღეს ჩვენს ხალხს და ეკონომიკას აქვს. "ევროპული საქართველო“ არ ვაპირებთ, რომ შემოტანილ ცვლილებებს მხარი დავუჭიროთ, თუმცა, რა თქმა უნდა, განხილვაზე ჩვენ მთავრობის წარმომადგენლებს ზუსტად ავუხსნით, როგორია "ევროპული საქართველოს ხედვა" და რა მიგვაჩნია სწორად. ეს არის ორი რამ - გადასახადების დაწევა და ხალხისთვის მეტი დახმარების გაწევა,"-განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.

    საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ოპოზიციის შეფასებებს არ ეთანხმება, თუმცა აცხადებს, რომ უკეთესი წინადადებების შემთხვევაში ოპოზიციის შენიშვნებიც მიღებული და გათვალისწინებული იქნება.

    "არცერთი ხელისუფლება არ დაუშვებს, რომ ერთი თეთრი მაინც, მით უმეტეს, თუ ის სესხია, დახარჯულ იქნეს არარაციონალურად. გეგმა, რომელიც მათ წარმოადგინეს, სწორედაც რომ რაციონალური და პროფესიონალურად ჩამოყალიბებულია და გათვლილია, არა მხოლოდ დღევანდელ დღეზე, არამედ მომავალზე. თუკი არსებობს რაიმე დეტალი, რომელიც, მაგალითად, გამოგვრჩა და ჩვენს ოპონენტებს აქვთ უკეთესი აზრი, რა თქმა უნდა, განხილული და გათვალისწინებული იქნება,"-განაცხადა გია ვოლსკიმ.

    2020 წლის ბიუჯეტის პროექტის კორექტირებულ ვერსიას ფრაქციების გარდა ორი კომიტეტის სხდომაზეც განიხილავენ.
    171 ნახვა
    15-06-2020, 01:11