GOGA.TV
  • არჩევნების თარიღმა შეიძლება, პირიქით, გადმოიწიოს, რათა ოპოზიციას სრულფასოვნად მომზადების საშუალება არ მიეცეს

    არჩევნების თარიღმა შეიძლება, პირიქით, გადმოიწიოს, რათა ოპოზიციას სრულფასოვნად მომზადების საშუალება არ მიეცეს - არჩევნების ჩატარების თარიღის ცვლილების ამ შესაძლო ვერსიაზე დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე საუბრობს.

    უმრავლესობის ყოფილი წევრი დავით ჭიჭინაძე ახალ ვერსიას აჟღერებს და ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა, შესაძლოა, არჩევნები პირიქით, უფრო ადრე გადმოსწიოს.

    ხელისუფლებას არანაირად არ აწყობს დროში გაწელვა, იქიდან გამომდინარე, რომ დრო მათზე არ მუშაობს. არც ერთი დანაპირები, რაც გასცეს არ სრულდება. და რაც მთავარია, მოუმზადებელი იქნება ოპოზიცია. მისაღებია საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებში, იქნება კი მიღებული? შეიძლება მაგ მომენტში ჩააგდონ და ოქტომბრის დასაწყისში დანიშნონ, რომ მაგ მომენტში ოპოზიციას სრულყოფილი მომზადების საშუალება არ ჰქონდეს, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

    არჩევნების თარიღის შეცვლას კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებები შეტანა სჭირდება. ექსპერტები არჩევნების გადადებას ხელისუფლებისთვის სარისკო ნაბიჯად მიიჩნევენ.

    ერთერთი საშუალება, რომ არჩევნების თარიღი შეიცვალოს, არის კონსტიტუციის ცვლილება, და მეორე, რომ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდეს ქვეყანაში და არჩევნების თარიღი დაემთხვეს საგანგებო მდგომარეობას. კონსტიტუციის თანახმად, ამ შემთხვევაში არჩევნები ტარდება საგანგებო მდგომარეობის დასრულებიდან არაუადრეს 45 დღისა და არაუგვიანეს 60 დღისა, - ამბობს საკონსტიტუციო სამართლის სპეციალისტი კოტე ჩოკორაია.

    ექსპერტების მოსაზრებით, დღეს მთავრობის რეიტინგი, კორონა პანდემიის პირობებში, გაცილებით მაღალია, ვიდრე კორონას მეორე ტალღის განვითარების შედეგად შეიძლება აღმოჩნდეს.

    ნებისმიერი მცდელობა, შეიცვალოს არჩევნების თარიღი, ეს არ დაასხამს მმართველი პარტიის წისქვილზე წყალს. დღეს არსებული რეალობის გათვალისწინებით, მთავრობას გაცილებით უკეთესი პოზიციები აქვს, ვიდრე შეიძლება ჰქონდეს მეორე ტალღის შემთხვევაში. ამიტომ მთავარია მმართველმა პარტიამ მკაფიოდ უთხრას ხალხს, თუ ამ ტიპის გადაწყვეტილება დადგება დღის წესრიგში, ეს არის ობიექტური რეალობა თუ ეს არის ვიწრო პოლიტიკური ინტერესი, - ამბობს საია-ს თავმჯდომარე სულხან სალაძე.

    არჩევნების თარიღის შეცვლის ორივე შესაძლებლობა დასაშვებია, თუმცა რეალობა მაშინ გახდება ცნობილი, როდესაც პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებებს დაამტკიცებს.
    166 ნახვა
    15-06-2020, 09:16