GOGA.TV
  • 27 წლის მამაკაცი, რომელსაც ტაძრის გაქურდვას ედავებიან, პოლიციას ცემაში ადანაშაულებს

    27 წლის მამაკაცი, რომელსაც ტაძრის გაქურდვას ედავებიან, პოლიციას ცემაში ადანაშაულებს. ბრალდებულმა ძალადობის შესახებ დღეს ბათუმის საქალაქო სასამართლოს პროცესზე ისაუბრა. დაკავებულის ნათესავები ასევე ამტკიცებენ, რომ პოლიციის მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალის გადამეტებას.

    წარსულში ქურდობისთვის ნასამართლევი თემურ ღოღობერიძე ბოლოს ბათუმის ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრის გაქურდვის ბრალდებით დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ტაძრიდან წაღებულია 30 ლარი და 1.317 ლარის ღირებულების საეკლესიო ნივთები.

    დაკავებულის ბიცოლა ვარდო ღოღობერიძე "მთავართან" ექსკლუზიურ ინტერვიუში დეტალურად იხსენებს ბრალდებულის ორი თვის წინ დაკავებას. მისი თქმით, ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. პოლიცია თემურ ღოღობერიძეს დანაშაულის აღიარებას აიძულებდა, რის გამოც მან დიდი რაოდენობით მედიკამენტები დალია, შედეგად კი საავადმყოფოში მოხვდა.

    დაკავებულის ბებია ნარგიზ ლორთქიფანიძეც ადასტურებს, რომ ბრალდებულს ფსიქიკური პრობლემები აქვს. თუმცა, მისი თქმით, ცემის ფაქტზე ინფორმაციას არ ფლობს.

    ბრალდებული ამჟამად დუმილის უფლებას იყენებს. გამოცემა "ბათუმელების" ინფორმაციით კი დაკავებულმა დუმილის უფლება მაშინ დაარღვია, როცა მოსამართლემ ჰკითხა, იძალადეს თუ არა მასზე დაკითხვისას პოლიციელებმა. თემურ ღოღობერიძის მტკიცებით, იგი ისე იყო ნაცემი, რომ ფეხზე ვეღარ დგებოდა.

    მამა იოანე გორელიშვილის ინფორმაციით, ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიაში მოღვაწე მეუფე დიმიტრი ბრალდებულის შეწყალების მოთხოვნას გეგმავდა, რაც დაკავებულის წარსულში ჩადენილი დანაშაულების ვეღარ მოხერხდა.

    ბრალდებულის ინტერესებს სახაზინო ადვოკატი დავით გოგუაძე იცავს. მისი თქმით, ღოღობერიძე მარტშია ნაცემი და მაშინ იგი მის ინტერესებს არ იცავდა. მოსამართლემ დაკავებულ ღოღობერიძეს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მომდევნო სხდომა 4 აგვისტოსაა ჩანიშნული.

    ავტორი: თეა ვაშალომიძე
    169 ნახვა
    17-06-2020, 10:57