GOGA.TV
youtube
3
  • 2019 წლის 20 ივნისს დაშლილი აქციის საქმეზე ერთი წლის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ

    2019 წლის 20 ივნისს დაშლილი აქციის საქმეზე ერთი წლის შემდეგ სხვადასხვა ორგანიზაციები კვლევის შედეგებს აქვეყნებენ. "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" შემდეგ ძალოვანი უწყებების შესაძლო გადაცდომებზე "ემპათიაც" საუბრობს.

    ისინი ყურადღებას ამახვილებენ იმ მტკიცებულებებზე, რომელიც მათივე ინფორმაციით, ვერ ადასტურებს, რის საფუძველზე მიიღეს აქციის იმ მძიმე ფორმებით და მიდგომებით დაშლა, რომლის დროსაც ბევრი ადამიანი დაზარალდა. "ემპათიას" წარმომადგენლების ინფორმაციითვე სპეცდანიშნულების რაზმს არ ჰქონდა მაიდენტიფიცირებელი ნიშანი.

    "არც არავის სურს გამოიძიოს რა მოხდა. არც სურთ, რომ დაისაჯოს დამნაშავე პირები და მე არ ვგულისხმობ მხოლოდ რიგით ადამიანებს, არამედ ვინც გასცა ამგვარი ბრძანება. გამოკვლეულთა უმრავლესობას აქვს სერიოზული დაზიანებები სხეულის ზედა ნაწილებში. ესეც მიუთითებს იმაზე, რომ სროლა ხორციელდებოდა ახლო მანძილიდან და, გარკვეულწილად, დამიზნებით. ადამიანები, ვინც იმყოფებოდა ადმინისტრაციულ თუ სისხლისსამართლებრივ პატიმრობაში და დაექვემდებარნენ არასათანადო მოპყრობას,"-განაცხადა "ემპათიას" დირექტორმა მარიამ ჯიშკარიანმა.

    შეგახსენებთ, რომ 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის წინ მოქალაქეები შეიკრიბნენ, სადაც ითხოვდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის, ვახტანგ გომელაურის გადადგომას.

    მოქალაქეთა პროტესტი გამოიწვია რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის საქართველოში ჩამოსვლამ. რუსმა დეპუტატმა, რომელსაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დამოუკიდებლობა აქვს აღიარებული, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო გენერალური ასამბლეის რიგით 26-ე სესია რუსულ ენაზე წაიყვანა.

    აქციის მიმდინარეობისას მოქალაქეთა ნაწილმა პარლამენტში შეჭრა სცადა, რასაც ხელისუფლების მხრიდან აქციის ძალის გამოყენებით დაშლა მოჰყვა. აქციის დასაშლელად გამოიყენეს რეზინის ტყვიები, ცრემლმდენი აირი და სპეცრაზმი.

    აქციის დაშლისას დაშავდნენ აქციის მონაწილეები და ჟურნალისტები, დააკავეს ათობით მოქალაქე. ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაქვეყნა ოფიციალური ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც აქციიდან კლინიკებში სხეულის სხვადასხვა დაზიანებით 240 ადამიანი გადაიყვანეს.
    135 ნახვა
    19-06-2020, 09:10