GOGA.TV
youtube
3
  • პრემიები დათხრილი თვალების სანაცვლოდ

    უახლეს ისტორიაში, ყველაზე სისხლიანი სადამსჯელო ოპერაცია საკუთარი მოქალაქეების მიმართ ზუსტად ერთი წლის წინ, ქვეყნის მთავარ გამზირზე, ღამის 12 საათზე დაიწყო. 20 ივნისის სისხლიანი ღამის ერთ-ერთი ყველაზე სასტიკი დამრბევი სპეცრაზმელი, ზაზა ფანცქალაშვილია. პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, დამიზნებით მსროლელი მეთოფე საგამოძიებო უწყებებს არც დაუკავებია და არც ბრალი წარუდგენიათ. მეტიც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დავალებების შემსრულებელი ამ დრომდე სავარაუდოდ, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელთა რიგებში რჩება, ოჯახი კი მისი და მისი თანამდებობის შესახებ ინფორმაციას საგულდაგულოდ მალავს.

    საკუთარი მოქალაქეებისთვის დამიზნებით მსროლელმა სპეცრაზმელმა დასჯის ნაცვლად, მაღალჩინოსნებისგან სავარაუდოდ, დიდი გასამრჯელო მიიღო. საჯარო რეესტრის მონაცემებით, ფონიჭალაში მდებარე სახლი ზაზა ფანცქალაშვილმა 2020 წლის 17 იანვარს, ტარიელ კვანტრიშვილისგან შეიძინა. საქმეში არის გამოსყიდვის დოკუმენტიც, რომელშიც მითითებულია, რომ უძრავი ქონება მეთოფემ 9200 დოლარად იყიდა, გამოსყიდვის უფლების მქონე პირი კი ტარიელ კვანტრიშვილია. საცხოვრებელ სახლში სწორედ მისი ოჯახის წევრები დაგვხვდნენ, თავად კვანტრიშვილმა კი ბინის გაყიდვის ფაქტი უარყო. "მთავარი არხის" ინფორმაცით, ზაზა ფანცქალაშივლმა ფული გაასესხა და კვანტრიშვიელბის ბინა სწორედ მის უზურნველსაყოფად გადაიფორმა.

    ბინაში, რომელიც ასევე, მის სახელზეა გაფორმებული სხვა ოჯახი ცხოვრობს. სახლს, სადაც სპეცრაზმელი მანამდე ცხოვრობდა, ახლა აზერბაიჯანელი მესაკუთრე ჰყავს. ბინა ახლა გაქირავებულია.

    ზაზა ფანცქალაშვილმა საზოგადოების ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ, 2013 წელს მოექცა. მაშინ, როცა მისი ჩვენების საფუძველზე ბაჩო ახალაიას რეინჯერების დამცირებსითვის ბრალი წაუყენეს. მას შემდეგ ზაზა ფანცქალაშვილი ხელისუფლების ფავორიტი რეინჯერი გახდა. თუმცა სასამართლო ერთ წელიწადში დასრულდა და ამ ბრალში შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გამართლდა.

    20 ივნისის სისხლიან ღამეს 276- ადამიანი დაშავდა, თუმცა ხელისუფლებამ პასუხისგებაში მხოლოდ სამი სამართალდამცველი, ისიც ფორმალური ბრალით მისცა. ლევან იმერლიშვილი, მინდია ამბარდნიშვილი და გიორგი ესიაშვილი. უკანასკნელი ორი მსროლელი სასამართლომ დარბაზიდან გაათავისუფლა. ლევან იმერლიშვილს კი გირაო შეეფარდა. სპეცრაზმელის ოჯახის წევრები გვიმტკიცებენ, რომ ის უმუშევარია და ახმეტაში ცხოვრობს. სასამართლო პროცესები კი ამ დრომდე არ დასრულებულა.

    "მთავარი არხის" ინფორმაციით, დიდი ფული დუმილის სანაცვლოდ მიიღო ყველა სპეცრაზმმელმა, რომელმაც დასჯის ოპერაცია ზედმიწევნით შეასრულა. სპეციალურად შერჩეულმა მსროლელებმა ხელშეუხებლობის გარანტია მიიღეს. ოპოზიცია ვარაუდობს, რომ ხელისუფლება შემუშავებული სქემის მიხედვით მოქმედებს. ცდილობს დამალოს ყველა მეთოფე, რომელიც საკუთარ მოქალაქეებს დიდი გასამრჯელოს ნაცვლად დამიზნებით ესროდა, საქმეს საიდუმლო გრიფი ადევს. მოქალაქეების მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის კი ამ დრომდე არავინ დასჯილა.

    20 ივნისს მოქმედი პრემიერი და მაშინდელი შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, საკანონმდებლო ორგანოში საკუთარ მოადგილეებთან, კახა საბანაძესა და ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად, შტურმის დაწყებამდე ზუსტად ორი საათით ადრე მივიდა. დღეს პრემიერ-მინისტრს პოლიტიკური ამნეზია აქვს და მხოლოდ ის ახსოვს, რაც თავად სურს.

    ის, რაც გახარიასთვის მეორეხარისხოვანია, საზოგადოებისთვის მთავარი შეკითხვაა, ვისი ბრძანებით ისროდნენ მეთოფეები დამიზნებით, რეზინის ტყვიებს, რომლითაც სისხლიან ღამეს 276 ადამიანი დაშავდა.

    ის, რაც ვერ ან არ გამოიძიეს სამართალდამცველებმა, შეისწავლა სახალხო დამცველმა. 20 ივნისის სისხლიანი ღამის მაღალჩინოსანთა რაციის ჩანაწერებში, რომელიც ნინო ლომჯარაიმ გაშიფრა არსად ისმის რეზინის ტყვიების სროლისა და სისხლიანი ანგარიშსწორების ბრძანების გამცემის ხმა. ჩნდება გონივრული ეჭვი, რომ ხელისუფლებამ ჩანაწერები შერჩევით გაანდგურა და ასე მიაწოდა გამოძიებას, ან პროცესები უმართავი, არასწორი კოორდინაციისა და დაუმორჩილებლობის გამო გახდა.

    განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის მეთოფეებმა 800-მდე რეზინის ტყვია გაისროლეს, მათ სამსახურეობრივადაც და ადგილზეც დეპარტამენტის დირექტორი გიორგი ყაყიჩაშვილი ხელმძღვანელობდა. ყაყიჩაშვილი მის ჩვენებაში ამბობს, რომ შინიგანას საქმეთა მინისტრსა და მის მოადგილეებს ინფორმაცია მალევე მიაწოდა, თუმცა რაციის ჩანაწერებში ამ ტიპის ინფორმაციის მიწოდების ფაქტი არ ჩანს.

    რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ინფორმაცია გიორგი გახარიას ნამდვილად ჰქონდა, სავარაუდოდ, ეს შეტყობინება მან ან პირადად მიიღო, თუმცა რეაგირება ან არ მოახდინა ან სისხლისღვრის შეჩერება ვერ შეძლო. ერთადერთი, რაც მაშინდელმა ძალოვანმა მინისტრმა 20 ივნისის სისხლიანი ღამის შემდეგ გააკეთა, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოსტიდან ჩამოშორება იყო. "მთავარი არხის" ინფორმაციით, გიორგი ყაყიჩაშვილს შინაგან სამქეთა მისნიტრის მაოდგილე, კახა საბანაძე მფარველობდა. პოლიციის საიტზე ბოლო ინფორმაცია მხოლოდ მისი უფლებამოსილების დროებით შეჩერებას უკავშირდება და ხაზგასმულია, რომ ის პოსტიდან არ გადაუყნებიათ. შინაგან საქმეთა სამინისტროში გახარიასა და საბანაძის კადრების გადაყენების შემდეგ, ყაყიჩაშვილი საფრანგეთში გაფრინდა. დღეს, განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი თავს ევროპას იმისთვის აფარებს, რომ ხელისუფლებას მისი პასუხისგებაში მიცემა და დაკავება არ სურს.

    სისხლიან ღამეს, ქვეყნის მთავარ გამზირზე, მოქალაქეების სადამსჯელო ოპერაციისას მიმდინარე პროცესებში საეჭვოდ ფიგურირებდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელიც. ამ კადრში კარგად ჩანს, რომ ანზორ ჩუბინიძე სპეცრაზმელს მიუთითებს, რა მიმართულებით ისროლოს. რა ფუნქცია ჰქონდა სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელს პარლამენტის შენობის წინ, ეს შეკითხვა გავლენიან არასამთავრობოებს დღემდე აქვთ.

    20 ივნისის ღამეს გამოყენებული ტყვიების შესახებ ინფორმაციას პროკურატურამ გრიფით საიდუმლო დაადო. საგამოძიებო უწყებები საგულდაგულოდ მალავენ ყველაფერს რაზეც ჭეშმარიტების დადგენა არ სურთ. თუმცა ეჭვი იმაზე, რომ ხელისუფლებამ ხალხის წინააღმდეგ ნახევრად ლეტალური ტყვიები გამოიყენა 20 ივნისის ღამესვე გაჩნდა. მეთოფეებმა სროლისას ყველანაირი სტანდარტი დაარღვიეს: დისტანცია, სროლის არეალი და მდებარეობა, ეს კომპონენტები მთლიანობაში საერთაშორისო სტანდარტებისა და წამების საწინააღმდეგო კონვენციის დარღვევას ნიშნავს.

    სისხლიანი ღამის შემდეგ საზოგადოების მთავარი შეკითხვა, ვინ გასცა რეზინის ტყვიების გამოყენების ბრძანება, ამ დრომდე უპასუხოდ რჩება. ახლა ერთადერთი რითაც ჭეშმარიტების დადგენა შეიძლება, რაციის ჩანაწერებია, რომლის ავთენტიურობისა და უწყვეტობის შესახებ, ექსპერტიზის პასუხი უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. თუმცა საქმეში კიდევ ერთი საინტერესო მოთხოვნა, მაღალჩინოსნებისა და შუა რგოლის წარმომადგენელთა სატელეფონო ჩანაწერების ამოღების შესახებ სახალხო დამცველს არ დაუკმაყოფილეს.
    479 ნახვა
    21-06-2020, 00:34