GOGA.TV
youtube
3
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართულ მხარეს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს
  • ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართულ მხარეს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს

    ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ქართულ მხარეს საკონსტიტუციო ცვლილებების პირველი მოსმენით მიღებას ულოცავს. შესაბამისი განცხადება საელჩოს "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

    საელჩო რვა მარტის შეთანხმების შესრულებისკენ ყველა მხარეს მოუწოდებს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

    აშშ-ს საელჩო ულოცავს პარლამენტის წევრებს საქართველოს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო ცვლილების პირველი მოსმენით მიღებას. ეს არის გაზრდილი საპარლამენტო პლურალიზმისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი პირველი ნაბიჯი. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ამ საკანონმდებლო ცვლილებებს ფართო მხარდაჭერით მიიღებენ და მოვუწოდებთ ყველა მხარეს 8 მარტის შეთანხმების სრულად შესრულებისკენ, - ნათქვამია განცხადებაში.

    შეგახსენებთ, რომ საარჩევნო ცვლილებებთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები პარლამენტმა დღეს, 136 ხმით ხუთის წინააღმდეგ, პირველი მოსმენით მიიღო.

    მაქსიმალურად პროპორციულთან მიახლოებულ საარჩევნო სისტემას მხარი ხუთმა დეპუტატმა არ დაუჭირა. ესენი არიან - დავით ჭიჭინაძე, ბიძინა გეგიძე, ემზარ კვიციანი, კახა ოქრიაშვილი და ნატო ჩხეიძე.

    განხილვებსა და კენჭისყრაში მონაწილეობა საერთოდ არ მიუღია "ნაციონალურ მოძრაობას" და ცვლილებებს ოპოზიციიდან მხარი მხოლოდ "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა.

    ცვლილებების პროექტის თანახმად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები შერეული საარჩევნო სისტემითა (120 პროპორციული, 30 მაჟორიტარული) და 1%-იანი ბარიერით ჩატარდება. კანონპროექტი გულისხმობს ე.წ. 40%-იან ჩამკეტ მექანიზმსაც. კერძოდ, პარტია, რომელიც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე პროპორციული სისტემით 40.54%-ზე ნაკლებ მხარდაჭერას მიიღებს, მთავრობის დამოუკიდებლად ფორმირებას ვერ შეძლებს.
    334 ნახვა
    21-06-2020, 15:07