GOGA.TV
youtube
3
  • მიაყენეს თუ არა დაზიანებები 19 წლის გიორგი შაქარაშვილს გარდაცვალებამდე

    ოთხი დღის წინ გაუჩინარებული გიორგი შაქარაშვილის კვალს მყვინთავებმა მდინარე არაგვში იმ ხიდთან ახლოს მიაკვლიეს, საიდანაც 19 ივნისის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის კვალი გაქრა.

    ადგილი, სადაც ახალგაზრდა ფეხბურთელი გარდაცვლილი ნახეს, არის დაახლოებით 2 კილომეტრის დაშორებით იმ წერტილიდან, სადაც ორი დღის წინ გაუჩინარებული ბიჭის პირადი ნივთები იპოვეს.

    საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსის თემურ მონიავას განცხადებით, სამძებრო ღონისძიებები დილიდან გაძლიერდა. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა.

    ადგილზე მოსულები არიან ექსპერტ-კრიმინალისტები, რომლებიც მუშაობას დაიწყებენ და ცხედარს ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენებენ. სწორედ ექსპერტიზის პასუხის შემდეგ გახდება ცნობილი, აღენიშნებოდა თუ არა გარდაცვლილს დაზიანებები სიკვდილამდე.

    ადგილზე იკრიბებიან გარდაცვლილის ახლობლები. ისინი ახალ ვერსიებზე საუბრობენ. ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ გარდაცვალებამდე შაქარაშვილისთვის მიეყენებინათ გარკვეული დაზიანება.

    "ოთხდღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავი მაშველების მიერ ნაპოვნი არის გარდაცვლილი პიროვნების ცხედარი. ამ ოთხი დღის განმვლობაში სამუშაოებში ჩართული იყო 70 მეხანძრე- მაშველი, ასევე 7 გასაბერი ნავი, შესაბამისი საძიებო სისტემით აღჭურვილი, რომელიც სკანირებას ახდენს მთლიანი წყლის ქვედა პერიმეტრის," - განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის მცხეთა-მთიანეთის სამმართველოს უფროსმა თემურ მონიავამ.

    ვიდრე გიორგი შაქარაშვილის ცხედარს აღმოაჩენდნენ, მისი ოჯახის წევრები და ახლობლები საქმის ახალ ვერსიებზე საუბრობდნენ. მათი განცხადებით, დიდი დაპირისპირება მოხდა ნაქირავებ აგარაკზე. ოღონდ შაქარაშვილი და მისი მეგობარი - გურამი დაპირისპირებაში მონაწილეობას არ იღებდნენ. შემდეგ კი, თავის არიდების მიზნით, ტერიტორია დატოვეს.

    ახლობელის თქმით, თბილისიდან ჩამოსულმა ბიჭებმა ვითარება კიდევ უფრო გაამწვავეს.

    "იქ იყო ძალიან დიდი დაპირისპირება და ბევრი ადამიანი გაილახა. დაპირისპირება, ჩვენი ვერსიით, მოხდა ნაქირავებ აგარაკზე. მისი მეპატრონე კი აცხადებს, აქ არაფერი მომხდარაო, მაგრამ ჩვენი ვარაუდით და ინფორმაციით, იქ დაიწყო დაპირისპირება და შემდეგ გადაინაცვლა გზატკეცილზე.

    იქ იყვნენ ისეთი ადამიანები ჩამოსული, რომლებიც დაბადების დღის წვეულებაზე არ იმყოფებოდნენ.

    როდესაც ესენი მივიდნენ დაბადების დღეზე, იქ უკვე იყო დაძაბული სიტუაცია. დაძაბულ სიტუაციაში ხელჩართული ჩხუბი იგულისხმება თუ სიტყვიერი დაპირისპირება, ჩვენ არ ვიცით. ეს იციან გურიმ და გიორგიმ [საქმის მოწმეები]. აქედან გამომდინარე, ჩვენც მოსმენილი ვერსიები ვიცით.

    გურის აღენიშნება დაზიანებები, მაგრამ ეკლების და ბუჩქების," - განაცხადა გიორგი შაქარაშვილის ნათესავმა ნიკა ჯაჭვაძემ.

    "ამათ არ იციან დაპირისპირება სად მოხდა და საერთოდ, ვინ ვის დაუპირისპირდა, ესეც კი არ იციან. ვინაიდან მათი ავტომობილები სახელმწიფო ნომრებით დაფიქსირდა ჭკვიანი სათვალთვალო კამერების მიერ იმ ტერიტორიაზე, სადაც არის ავტობანის სათვალთვალო კამერები, დაბარებულები არიან. კითხვები არის იმასთან დაკავშირებით, ხომ არ იციან რაიმე მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელიც შეიძლება გამოადგეს გამოძიებას.

    რა მოხდა იქ, ჩხუბი იყო, ვინმემ ვინმე დაჭრა თუ ა.შ - ეს ინფორმაცია მათ არ გააჩნიათ, რადგან იქ არ ყოფილან," - განაცხადა ადვოკატმა მუხრან ღურწკაიამ.
    238 ნახვა
    22-06-2020, 10:02