GOGA.TV
მმართველ გუნდს ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცება დღეს მარტოს მოუწევს
  • მმართველ გუნდს ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებების დამტკიცება დღეს მარტოს მოუწევს

    2020 წლის ბიუჯეტში ცვლილებების დამტკიცება მმართველ გუნდს, როგორც ჩანს, დღეს მარტოს მოუწევს. ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტის კორექტირებული ვარიანტი ოპოზიციისთვის მიუღებელია, არსებული დოკუმენტს მხარს არ უჭერს არც ფრაქცია "დამოუკიდებელი დეპუტატებიც“. ამის მიზეზად კანონმდებლები იმ ფაქტს ასახელებენ, რომ პროექტში არ მოხდა მათი რეკომენდაციების გათვალისწინება.

    პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის” წევრი, ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ ბიუჯეტის დამტკიცებაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

    "ეს ბიუჯეტი არ მოემსახურება არც ეკონომიკის გაჯანსაღებას და არც ადამიანებისთვის ისეთი ტიპის დახმარების მიცემას, რომელიც მათ თვიდან თვემდე ელემენტარული თავის გატანის შესაძლებლობას მისცემს. ვერ მოვისმინეთ ვერანაირი პასუხები ფინანსთა მინისტრის მოადგილისგან და რა თქმა უნდა, ამ მავნებლური ბიუჯეტის დამტკიცებაში, რომელსაც ბრმად დაუჭერს მხარს ქართული ოცნების უმრავლესობა, ჩვენ მონაწილეობას არ მივიღებთ," - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.

    ბიუჯეტში არსებულ უამრავ უსარგებლო ხარჯზე საუბრობს პარლამენტის ფრაქცია ”ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, რომან გოცირიძე.

    "კვლავ რჩება უამრავი უსარგებლო ხარჯი, პოლიტიკურად მოტივირებული ხარჯებია, საკუთარი აქტივის დასაფინანსებელი ხარჯები და ა.შ. არავითარი შეკვეცა არ მომხდარა ბიუროკრატიული ხარჯებისა,“ - აღნიშნა რომან გოცირიძემ.

    პარლამენტის ფრაქცია ”დამოუკიდებელი დეპუტატების” თავმჯდომარე, მარიამ ჯაში ამბობს, რომ დღეს ათეულობით ადამიანი დახმარების გარეშე რჩება, მთავრობა კი არ არის მზად მათი რეკომენდაციები გაითვალისწინოს.

    "რადგან არ არის მთავრობა მზად გაითვალისწინოს ჩვენი რეკომენდაციები, სამწუხაროდ თუკი უცვლელად იქნება წარმოდგენილი ეს ბიუჯეტი, ჩვენი მხარდაჭერა მას ვერ ექნება,“ - ამბობს მარიამ ჯაში.

    2020 წლის ბიუჯეტთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი კოვზანაძემ.

    "გადამუშავებულ საბოლოო ვერსიაში მაკროეკონომიკური პარამეტრები უცვლელად არის შენარჩუნებული, ხარჯვითი ნაწილი ასიგნებები არის 15 მილიარდ 923 მილიონი, ეს თანხა დაიხარჯება წლევანდელ წელს, 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტიდან,“ - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

    შეგახსენებთ, ბიუჯეტში ცვლილებები COVID -19-ის გამო შედის. 14 ნახევარი მილიარდის ნაცვლად, წელს თითქმის 16 მილიარდი დაიხარჯება. დაფინანსება შეუმცირდა რამდენიმე უწყებას - მათ შორის თავდაცვისა და კულტურის სამინისტროებს, ქვეყანაში ნელდება ეკონომიკის ზრდის ტემპი, მცირდება შემოსავლები და ხარჯები.
    195 ნახვა
    24-06-2020, 00:33