GOGA.TV
  • საკონსტიტუციო სასამართლო თავმჯდომარეს აქციის ფონზე ირჩევს

    საკონსტიტუციო სასამართლოში პლენუმის სხდომა მიმდინარეობს რომელზეც ახალი თავმჯდომარე უნდა აირჩიონ. პოსტისთვის 2 მოსამართლე მერაბ ტურავა და ირინა იმერლიშვილი იბრძვიან. პლენუმი კანდიდატებს მოუსმენს, ამის შემდეგ კი ფარული კენჭისყრით თავმჯდომარეს აირჩევენ. გამარჯვებისთვის კანდიდატს ხუთი მოსამართლის მხარდაჭერას სჭირდება.
    მერაბ ტურავა კომენტარისგან თავს იკავებს და აცხადებს, რომ ნებისმიერმა აჟიოტაჟმა შესაძლოა კენჭისყრაში მონაწილე მოსამართლეებზე გავლენა მოახდინოს:

    "მოდით ყველა კითხვას კენჭისყრის შედეგების მიხედვით გავცეთ პასუხი. ნებისმიერი აჟიოტაჟი და ხმაური შეიძლება ზეწოლა იყოს სასამართლოს იმ შემადგენლობაზე, რომელმაც გადაწყვეტილება უნდა მიიღოს," -განაცხადა მერაბ ტურავამ "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.

    საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესების აქტუალობაზე ამახვილებს ყურადღებას კიდევ ერთი კანდიდატი ირინა იმერლიშვილი. მისი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლო სხვა სასამართლოებისგან განსხვავებით ინარჩუნებს დამოუკიდებლობას და სიძლიერეს:

    "ვფიქრობ რომ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს სიძლიერე განსხვავებით საერთო სასამართლოებისგან, ამას სამწუხაროდ ვამბობ, მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგია როცა თუნდაც ერთ-ერთში, მაგრამ დამოუკიდებელი სასამართლოში ხდება ასეთი პროცესები,"- აღნიშნა ირინა იმერლიშვილმა "კურიერთან" საუბრისას.

    პლენუმის სხდომა აქციის ფონზე მიმდინარეობს, საკონსტიტუციო სასამართლოს შენობასთან პოლიტიკური მოძრაობა "ლელოს" წარმომადგენლები აქციას მართავენ. ისინი მერაბ ტურავას სახელისუფლებო კანდიდატად მოიხსენიებენ და ამბობენ, რომ "ქართული ოცნების" მორჩილი ადამიანის საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ეს მეტნაკლებად თავისუფალი სასამართლოც ხელისუფლების გავლენის ქვეშ მოექცევა.
    226 ნახვა
    25-06-2020, 08:40