X
GOGA.TV
13
  • უკვე მესამე დღეა ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო პატიმრის დაბრუნებას ელოდება.

    უკვე მესამე დღეა ოკუპანტების მიერ დაჭრილი და გატაცებული ზაზა გახელაძის ოჯახი უკანონო პატიმრის დაბრუნებას ელოდება. სოფელ ქვემო ჭალის მკვიდრი ამჟამად ცხინვალის ჰოსპიტალში ჰყავთ გადაყვანილი. დაკავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, მის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება. გახელაძის მშობლები და მეუღლე იმედს იტოვებენ, რომ ოჯახის ერთადერთი მარჩენალი სახლში მალე დაბრუნდება.

    უკანონო პატიმრის ოჯახს დღეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია სუსის ანალიტიკური სამსახურის უფროსის მოადგილემ პირადად მიაწოდა. ირაკლი ანთაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების ფორმატი დროულად აღდგეს, რათა ქართულ მხარეს საოკუპაციო რეჟიმთან პირდაპირი დიალოგის საშუალება მიეცეს.

    საერთაშორისო პარტნიორების ინფორმირება და ყველა შესაძლო მექანიზმის ამოქმედება - ეს ის ძირითადი საკითხებია, რაზეც აღმასრულებელი ხელისუფლება აქტიურად მუშაობს. პრემიერის მრჩეველმა, დაკავებულის ოჯახს ხელისუფლების სამოქმედო გეგმა გააცნო.

    კასპის მუნიციპალიტეტში იმყოფებოდა სახალხო დამცველიც. ნინო ლომჯარიას თქმით, დღეს არ არსებობს ეფექტური საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც საოკუპაციო ხაზთან ადამიანების უფლებების უხეშ დარღვევებზე რეაგირებას მოახდენს. ომბუდსმენის განცხადებას პარლამენტის ვიცე-სპიკერის კრიტიკა მოჰყვა. გია ვოლსკიმ ლომჯარია პოპულიზმში დაადანაშაულა.

    საოკუპაციო რეჟიმის ქმედება მკაცრად გააკრიტიკა ამერიკის საელჩომ. შტატების წარმომადგენლობამ ოფიციალური განცხადება საკუთარ "ფეისბუქის" გვერდზე გამოაქვეყნა. საელჩო რუსეთის ფედერაციას ვითარების ესკალაციისგან თავშეკავებისა და ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების შესრულებისკენ მოუწოდებს. ზაზა გახელაძის დაჭრისა და გატაცების ფაქტზე დღეს მხარდამჭერი კომენტარი გაეროს წარმომადგენელმაც გააკეთა.

    33 წლის ზაზა გახელაძე, 10 ივლისს ე.წ. გამყოფ ხაზთან სოკოს საკრეფად იმყოფებოდა. ოკუპანტებმა ის ჯერ ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს შემდეგ კი გაიტაცეს. მამაკაცი უკვე მესამე დღეა, საკუთარ სამშობლოში ოკუპანტების უკანონო ტყვეობაში იმყოფება.
    109 ნახვა
    14-07-2020, 08:18