X
GOGA.TV
13
"ფრონტერა" საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს
  • "ფრონტერა" საქართველოს მთავრობას დეზინფორმაციაში ადანაშაულებს

    ამერიკული ნავთობმომპოვებელი კომპანია "ფრონტერა" საქართველოს მთავრობას "დეზინფორმაციული კამპანიის შეწყვეტისკენ" მოუწოდებს.

    კომპანია განცხადებას ავრცელებს.

    "საქართველოს მთავრობამ განაგრძო საჯარო დეზინფორმაციული კამპანია ჩვენს კომპანიასთან მისი კონტრაქტის და ბოლო საარბიტრაჟო მოქმედების შედეგების შესახებ, რომელიც მთავრობამ ჩვენს წინააღმდეგ წამოიწყო 2018 წელს. ჩვენ მოვუწოდებთ პრემიერ-მინისტრს და მის მთავრობას, შეაჩერონ ეს გამიზნული მოტყუების, ზიანის მიყენებისა და არაგულწრფელობის პრაქტიკა და ნაცვლად ამისა, უშუალოდ ჩვენს კომპანიასთან პატიოსანი თანამშრომლობა დაიწყონ, რათა ამ გზით, ხელი შეუწყონ პარტნიორობის ჭეშმარიტი სულისკვეთების განვითარებას.

    ხუთშაბათს, წლების განმავლობაში მუქარისა და შევიწროების შემდეგ, ოფიციალურმა პირებმა მოულოდნელად განაცხადეს, რომ ”მთავრობამ გადაწყვიტა, ჩვენთან კონტრაქტი არ გააუქმოს”. ეს განცხადება შეფუთული იყო ცილისმწამებლური განცხადებებით, რაც მხოლოდ ჩვენი კომპანიის სახელის გატეხვასა და ჩვენი საქმიანობის შესახებ ყალბი განცხადებების გავრცელებას ემსახურებოდა. გვინდა, კიდევ ერთხელ განვმარტოთ, რომ არასდროს არსებულა ჩვენი ხელშეკრულების ცალმხრივად გაუქმების არანაირი სამართლებრივი საფუძველი. საქართველოს მთავრობის მუდმივი ცილისწამება არასწორია და მიზანმიმართულ შევიწროებას წარმოადგენს. ის მიმართულია შეცდომაში შეყვანისკენ და დიდსულოვნებისა და კეთილმოსურნეობის შთაბეჭდილების შექნისკენ, როდესაც, ფაქტობრივად, ეს არის არაგულწრფელი ქცევის გაგრძელება, რომლის მიზანი აშშ-დან პირდაპირ უცხოური ინვესტიციების შემოსვლისთვის ეშმაკურად ხელის შეშლაა," - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

    გუშინ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა "ფრონტერასთან" კონტრაქტს აღარ ჩაშლის. საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, კომპანიას მისცეს შესაძლებლობა, საქმიანობა განაგრძოს საწყისი საკონტრაქტო ტერიტორიის იმ ნაწილში, სადაც ნავთობის მოპოვება საბჭოთა პერიოდიდან მიმდინარეობდა.

    საუბარია სახელმწიფოს საძიებო ტერიტორიის დაახლოებით 1%-ზე, რადგან ამ ტერიტორიის დაახლოებით 99% "ფრონტერამ" საარბიტრაჟო გადაწყვეტილების თანახმად, სახელმწიფოს უკვე დაუბრუნა. გადაწყვეტილების შესახებ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ ისაუბრა.
    80 ნახვა
    24-07-2020, 09:40