X
GOGA.TV
13
გიორგი შაქარაშვილის საქმე - ნიკა ჟვანია, გამოძიებას არასწორ ჩვენებას აძლევს და იტყუება
  • გიორგი შაქარაშვილის საქმე - ნიკა ჟვანია, გამოძიებას არასწორ ჩვენებას აძლევს და იტყუება

    ფეხბურთელის მკვლელობის საქმის ახალი დეტალები - "კურიერს" წყარო ექსკლუზიურად აწვდის ინფორმაციას, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ნიკა ჟვანია, გამოძიებას არასწორ ჩვენებას აძლევს და იტყუება, როცა ამბობს, რომ მობილური ტელეფონი, 19 ივნისს, მანგლისში ყოფნის დროს, დაკარგა.

    "კურიერმა" გაარკვია, რეალურად სად იმყოფებოდა ამ დღეს ჟვანია. პარალელურად, ცნობილი ხდება, რომ საქმეში ახალი მოწმეები ჩნდებიან, რომლებიც საბედისწერო ღამეს სწორედ იმ ტერიტორიაზე გადაადგილდებოდნენ, სადაც ტოიოტა ქამრის მგზავრებმა გიორგი შაქარაშვილს სდიეს. ყველა ავტომანქანა იდენტიფიცირებულია.

    22-ე ტომში დევს სათვალთვალო კამერების ინფორმაცია, სადაც ჩანს, რომ მცხეთის ხიდის მხრიდან ორი ავტომობილი ამოდის მაშინ, როდესაც ქამრის მგზავრები ახალგაზრდებს მისდევდნენ. ავტომობილები და მათი მგზავრები იდენტიფიცირებულია. ერთ-ერთი მათგანია ზურა ბარბაქაძე, რომელიც შსს-მ რამდენიმე დღის წინ უკვე გამოკითხა.

    "კურიერი" ზურა ბარბაქაძის საცხოვრებელ სახლში მივიდა და ოჯახის წევრებს ესაუბრა, მათი თქმით, ბარბაქაძე იმ ტერიტორიაზე ნამდვილად იყო და სწორედ ამიტომ დაკითხეს.

    ბარბაქაძე გაუთქმელობის ხელშეკრულებაზე აქვს ხელი მოწერილი, ამიტომ არც ოჯახის წევრები და არც თავად ბარბაქაძე დეტალებზე არ საუბრობს.

    რაც შეეხება საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტ ნიკა ჟვანიას, ის 19 ივნისის მანგლისში არ ყოფილა და იმყოფებოდა საგურამოს ტერიტორიაზე. ამ ეტაპზე უცნობია ჟვანია იმყოფებოდა თუ არა შემთხვევის ადგილას. ნიკა ჟვანიამ პოლიციაში დაკითხვის დროს აღნიშნა, რომ მას ტელეფონი დაკარგული ჰქონდა უკვე 19 ივნისს, თუმცა ამონაწერების მიხედვით ირკვევა, რომ 21 ივნისს მას ტელეფონით აქტიური კომუნიკაცია ჰქონდა.

    "18-19 ივნისის ღამეს, ცენტრალურ საავტომობილო ტრასასთან მომხდარი, თქვენს მიერ მოხსენიებული ჩხუბის დროს, მე თან მქონდა "სამსუნგ გალაქსს ეს 5"-ს ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც გააქტიურებული იყო სიმ ბარათი. აღნიშნული მობ. ტელფონი 19 ივნისს, გაურკვეველ ვითარებაში დავკარგე სავარაუდოდ გზაზე თბილისიდან მანგლისის მიმართულებით, რომელიც მე გამოვიყენე რამოდენიმე სახეობის ტრანსპორტი. ასევე, აღნიშნული მობილური ტელეფონის გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვის შესახებ მე შესაბამის ორგანოში ჯერ არ განმიცხადებია,"- ნათქვამია ნიკა ჟვანიას ჩვენებაში.

    შეგახსენებთ, გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მაშველებმა ოთხდღიანი ძებნის შემდეგ იპოვეს. უწყების მიერ გამოქვეყნებული დასკვნის მიხედვით, გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზი გახდა ასფიქსია წყალში დახრჩობით.

    საქმეზე დაკავებულია 17 პირი და საქმე გადაკვალიფიცირებულია ჯგუფური განზრახ მკვლელობის მუხლით.
    353 ნახვა
    25-07-2020, 09:08