X
GOGA.TV
გიორგი რურუას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა
  • გიორგი რურუას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა

    გიორგი რურუას საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზე გადავიდა. საქალაქო სასამართლოში პროცესზე დღეს დაცვის მხარემ დასკვნით სიტყვა წარმოთქვა, რის შემდეგაც მოსამართლე გადაწყვეტილებას მიიღებს.

    გიორგი რურუას ადვოკატის განცხადებით, მას მოლოდინები ვერ ექნება, ვინაიდან გიორგი რურუა ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე იმყოფება.

    "აშკარა იყო, რომ გიორგი რურუა აქეთ არის დანაშაულის მსხვერპლი და მას იარაღი პოლიციელებმა ჩაუდეს, თუმცა დღევანდელი დასკვნითი სიტყვის შემდეგ, კიდევ უფრო დარწმუნებული ვარ, რომ არავითარი კითხვის ნიშანი არ დარჩება ამასთან დაკავშირებით. რაც შეეხება მოლოდინებს, ვერანაირი მოლოდინი ვერ მექნება, ვინაიდან გიორგი რურუა ციხეში პოლიტიკური გადაწყვეტილებების საფუძველზე იმყოფება," - აცხადებს გიორგი რურუას ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი.

    "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი აღნიშნავს, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებში უნდა იყოს, მოხსნას წნეხი სასამართლოზე.

    "იმ ფონზე, როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, რომ სასამართლო პოლიტიკური წნეხისგან გაათავისუფლონ და არ გამოიყენონ მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური მიზნებისთვის, ვფიქრობ, რომ "ქართული ოცნების" ინტერესებში უნდა იყოს მოხსნას წნეხი სასამართლოზე. დამოუკიდებელ რეჟიმში კი, მე დარწმუნებული ვარ, შეუძლებელია სასამართლომ მიიღოს გიორგი რურუას საწინააღმდეგო გადაწყვეტილება,"- აღნიშნავს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

    "ევროპული საქართველოს" წევრის ელენე ხოშტარიას განმარტებით კი, გიორგი რურუას საქმე პოლიტიკური დევნის საფუძველია და სასამართლო მსგავსი ქმედებებით დაზარალდება.

    "ეს არის პოლიტიკური დევნის საქმე და ჩვენ გვესმის ჩვენი პარტნიორებისგან, რომ სასამართლო მსგავსი მოქმედებებით დაზიანდება. ისინი ამბობენ, რომ თუ ჩვენ გვინდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ეს პოლიტიკური დევნა უნდა შეწყდეს," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" წევრი ელენე ხოშტარია.

    გიორგი რურუას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებაში ადანაშაულებენ.

    გიორგი რურუას სისხლის სამართლის საქმე დასასრულს უახლოვდება, დაცვის მხარე დღეს სასამართლოს წინაშე დასკვნითი სიტყვით წარსდგება, ბრალდებულის უფლებადამცველის ინფორმაციით, დასკვნით სიტყვას გიორგი რურუაც წარმოთქვამს, რის შემდეგაც სასამართლო გადაწყვეტილების შესახებ იმსჯელებს, განაჩენის შესახებ დაცვის მხარეს პროგნოზირება უჭირს, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, საქმე სრულად პოლიტიზირებულია და სამართლებრივი პროგნოზირება განაჩენის შესახებ რთულია.
    135 ნახვა
    29-07-2020, 08:51