X
GOGA.TV
13
  • გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დასახელდა

    გიორგი ვაშაძე პრემიერობის კანდიდატად დასახელდა. მან საკუთარი თავი ამ პოსტზე ახალი გაერთიანება "სტრატეგია აღმაშენებლის" საარჩევნო კამპანიის პრეზენტაციაზე წარადგინა.

    სიტყვით გამოსვლაში გამარჯვების სამომავლო სტრატეგიაზე ისაუბრა და დაპირებებიც გასცა. საზოგადოებას გააცნო გუნდის წევრები საექსპერტო წრეებიდან.

    პოლიტიკაში მოსვლა გადაწყვიტეს უსაფრთხოების ექსპერტმა თეონა აქუბარდიამ და ჯანდაცვის ექსპერტმა სერგო ჩიხლაძემ. პრეზენტაციას არცერთი პოლიტიკოსი არ ესწრებოდა პარტნიორი პარტიებიდან. პარტიულ ღონისძიებას მალხაზ მაჩალიკაშვილიც დაესწრო. ახალი პოლიტიკური გაერთიანება თაკო ჩარკვიანმა და გიორგი ვაშაძემ რამდენიმე დღის წინ დააფუძნეს.

    "მე მზად ვარ, შევიდე ამ ბრძოლაში თქვენთან ერთად, როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი. კანდიდატადად დასახელების მიზანი ძალიან მარტივია, ჩვენ არ უნდა გვყავდეს არც ერთი მშიერი ბავშვი ქვეყანაში და არავის უნდა უწევდეს სარჩოს მოძებნა ნაგავსაყრელზე. ჩემი არჩევის შემთხვევაში, ქვეყანას ეყოლება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუდმივად ხალხთან არის, არა კაბინეტში, არა კომფორტში, არამედ იქ, სადაც ყველზე მეტად უჭირს ხალხს. დღეს ქვეყანას სჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელიც მუშაობს 24 საათი, არასდროს იღლება, აქვს ენერგია, უხსნის გზას პროფესიონალებს და არის თანამედროვე განვითარების ავანგარდში,“ - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

    გიორგი ვაშაძის შესახებ საუბრობს პოლიტიკური გაერთიანება ”კანონი და სამართალის” თავმჯდომარე, თაკო ჩარკვიანი, რომელიც ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარებაში დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

    "ეს არის გამორჩეული პრაქტიკოსი პოლიტიკოსი, რომელსაც ხელეწიფება სახელმწიფო ინსტიტუციების განვითარება. აქვე დავძენ, არც ერთი ქართველის გაკეთებული მარცვალი არ უნდა დაიკარგოს. ზუსტად გიორგი ვაშაძეს იმ ყოფილ ხელისუფლებასთან მხოლოდ რეფორმები აკავშირებს,“ - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.
    113 ნახვა
    30-07-2020, 08:28