X
GOGA.TV
  • სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს

    სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას არ შეიწყალებს. პრეზიდენტი ამბობს, რომ მის გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერავინ და ვერაფერი მოახდენს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას აკრიტიკებს ოპოზიცია, რომელიც მიიჩნევს, რომ საერთაშორისო პარტნიორების არაერთი მოწოდების ფონზე, ზურაბიშვილის ეს ნაბიჯი ქვეყნისთვის დამაზიანებელი იქნება და საერთაშორისო ზეწოლა გაგრძელდება.

    "პრეზიდენტს არავინ ეკითხება შეწყალებას, ან არშეწყალებას, ეს არის პირადად ბიძინა ივანიშვილის მიერ მიღებული გადაწყვეტილება და ამას მოჰყვება ძალიან მკაცრი და მძიმე რეაქცია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან იმიტომ რომ უკვე მერამდენედ ივანიშვილი ატყუებს ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს, ეს ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილმა უარი თქვა 8 მარტის შეთანხმების შესრულებაზე, მას მოუწევს ძალიან მძიმე პოლიტიკური ფასის გადახდა, რეაქცია და ქმედებებიც იქნება ძალიან მკაცრი ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოების მხრიდან," - აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი.

    რურუას საქმეს შერჩევითი სამართლის კლასიკურ ნიმუშს უწოდებს "ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის" თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე:

    "ეს არის კლასიკური ნიმუში შერჩევითი სამართლის, იმიტომ რომ პრეზიდენტს ახლა უნდა აჩვენოს რომ არის ძალიან პრინციპული და არავის და არაფერს ემორჩილება. აბსოლუტურად ერთი და იგივე მიმართულება, საქმე და ერთი და იგივე ჩარჩო იყო უგულავას ოქრუაშვილის და რურუას შემთხვევაში. აქ არის ჩადებული დიდი ეშმაკობა, ვირეშმაკობა ხელისუფლების მხრიდან, რომელიც სპეკულირებს სწორედ რურუას გვარით,"- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

    "ლეიბორისტების" ლიდერის თქმით, ქვეყანაში პოლიტპატიმრის არსებობა და მის გათავისუფლებაზე უარი ივანიშვილის მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესების პროცესს დააჩქარებს:

    "აღნიშნული დავალება პუტინისგან და ივანიშვილისგან კოლექტიურად მიიღო ჰელენ დანკოსის დამ, იმ პრეზიდენტმა, რომელიც იწყალებს და ციხიდან უშვებს პედოფილებს, ნარკომოვაჭრეებს და პოლიციელთა მკვლელებს. აღნიშნული უარი, რომ გაუშვან პოლიტპატიმრად აღიარებული პერსონა გამოიწვევს პირადად ივანიშვილის მიმართ სანქციების დაწესების დაჩქარებას,"- აღნიშნა შალვა ნათელაშვილმა.

    განსხვავებული პოზიცია აქვთ უმრავლესობაში, სადაც ქვეყანაში პოლიტპატიმრების არსებობას კატეგორიულად უარყოფენ. ქართული ოცნების წევრი დავით მათიკაშვილი ხაზს უსვამს საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციების მნიშვნელობას, თუმცა ამბობს, რომ შეწყალება პრეზიდენტის ექსკლუზიური უფლებაა:

    "ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რეკომენდაციები, თუმცა შეწყალების უფლება, ეს არის ექსკლუზიური უფლება კონსტიტუციით მხოლოდ პრეზიდენტისთვის მინიჭებული, მისი გადასაწყვეტია, კონკრეტულად ვის შეიწყალებს და ვის არა, ცალსახად ვაცხადებთ, რომ საქართველოში პოლიტპატიმრები არ არსებობენ," - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.
    154 ნახვა
    1-08-2020, 08:26