X
GOGA.TV
13
  • შაქარაშვილის საქმეზე გურამ ამირხანაშვილის გამოკითხვის ოქმი გასაჯაროვდა

    გიორგი შაქარაშვილის საქმეზე "რადიო თავისუფლებამ" ფეხბურთელის მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის ერთ-ერთი ბოლო გამოკითხვის ოქმი მოიპოვა. ჩვენება ორი აგვისტოთია დათარიღებული და სავარაუდოდ სწორედ ის იქცა საქმეში ბრალდებული 17 პირიდან, ხუთის ბრალის დამძიმების საბაბად. ოქმში, ის დეტალურად იხსენებს 19 ივნისის ღამეს, მცხეთაში, არაგვის ხიდის მიმდებარედ განვითარებულ მოვლენებს და ასახელებს იმ პირების ვინაობას, გადაადგილებასა და ცალკეულ ფრაზებს, რომელიც მან უკვე გზად თბილისისკენ, "ტოიოტა ქამრიში" მჯდომმა გაიგონა.

    გურამ ამირხანაშვილი გამოკითხვის ახალ ოქმში ამბობს:

    "არჩილ გაგნიძემ რამდენჯერმე მკითხა, თუ საიდან იცოდა გიორგი შაქარაშვილმა ასეთი სწრაფი სირბილი, რომელსაც ვუთხარი, რომ მეც და გიორგი შაქარაშვილიც ბავშვობიდან ვიყავით ფეხბურთელები, რაზეც ასევე მკითხა, "როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?" აღნიშნული შეკითხვისთვის მაშინ ყურადღება არ მიმიქცევია, იმ მომენტში ვერაფერთან დავაკავშირე, რადგან ვიყავი აღელვებული და ვნერვიულობდი ჩემს მეგობარ გიორგი შაქარაშვილზე.

    ასევე მგზავრობისას, როგორც მახსოვს, უკან მჯდომმა ერთ-ერთმა პირმა ახსენა შემდეგი შინაარსის სიტყვები, "რომ დავადეთ, უკვე დამკაში იქნება გასული", ვის გულისხმობდა ის, არ ვიცი."

    "რადიო თავისუფლებამ" ასევე მოიპოვა ფოტოგრაფ იაკობ ბრეგვაძის ახალ მასალებში არსებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელიც ასევე 2 აგვისტოთია დათარიღებული. გამოძიება, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ექსპერიმენტის საფუძველზე მივიდა იმ ვერსიამდე, რომლის თანახმადაც, გიორგი შაქარაშვილი მდევრებმა, მეორად საავტომობილო გზაზე, ანუ არაგვის ხიდის ქვეშ ალყაში მოაქციეს და სწორედ ამიტომ გახდა შაქარაშვილი იძულებული, რომ გადაეხვია მოასფალტებული გზიდან და არაგვის მიმართულებით, ციცაბო ბილიკზე გაქცეულიყო.

    გამომძიებელი საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში წერს:

    "იაკობ ბრეგვაძემ განმარტა, რომ ეს პირები დასავლეთის მიმართულებით სამოძრაო ზოლში გადასული არ დაუნახავს, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნულს ის დააფიქსირებდა. იაკობ ბრეგვაძემ, ასევე, განმარტა, რომ დასავლეთის მიმართულებით საავტომობილო გზაზე, არაგვის ხიდის დაახლოებით ბოლოში, მან დაინახა თეთრპერანგიანი პიროვნება, სავარაუდოდ, ვახტანგ ახვლედიანი".
    133 ნახვა
    20-08-2020, 08:39