X
GOGA.TV
13
  • ლენტეხში სტიქიის შედეგებს ებრძვიან - მდინარემ სამი დამაკავშირებელი ხიდი დააზიანა

    ლენტეხში სტიქიის შედეგებს ებრძვიან. ადიდებულმა მდინარეებმა 5 სოფელი დააზარალა, განადგურებულია მოსახლეობის სახნავ-სათესი მიწები. რამდენიმე დასახლება გარე სამყაროს მოწყდა. სოფლებთან: დრაში, ესიერი, საყდარი, მუწდი და ტვიბი დამაკავშირებელი ხიდები სტიქიის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა მუხრამ და ჩოლშურამ წაიღო. ყველაზე მძიმე შედეგები მდინარე ლასკადურას ადიდებამ გამოიწვია.

    მუნიციპალიტეტის მერის ბადრი ლიპარტელიანის განცხადებით, სტიქიის ზონაში ჩარჩენილ მოქალაქეებთან კომუნიკაცია მხოლოდ სატელეფონო კავშირით არის შესაძლებელი.

    "გზები გამოსულია მწყობრიდან, წაღებულია სამი ხიდი. მოსახლეობასთან მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია გვაქვს. ჩვენ სამუშაოები დაწყებული გვაქვს, შესაბამისად ხვალ და ზეგ ამ პრობლემას მოვაგვარებთ და მოსახლეობასთან კომუნიკაციას დავამყარებთ. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ყველაზე რთული ვითარებაა ჩვენთან. მდინარე კალაპოტიდან გადმოვიდა, ცენტრალურ ხიდს საშიშროება ემუქრება. თუკი ასეთი ამინდი გაგრძელდება, შეიძლება მოსახლეობის ევაკუაცია გახდეს საჭირო,"- განაცხადა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა ბადრი ლიპარტელიანმა.

    აღსანიშნავია, რომ ლენტეხში უამინდობა ამ დრომდე გრძელდება, მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა კი ჯერჯერობით ცნობილი არ არის. სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა.
    48 ნახვა
    21-08-2020, 08:22