X
GOGA.TV
  • ადვოკატის განცხადებით, თამარ ბაჩალიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიდიოდა

    თბილისის პროკურატურაში, თამარ ბაჩალიაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიებისთვის შექმნილი სპეციალური სამუშაო ჯგუფის წევრების, ოჯახისა და მათი ადვოკატის შეხვედრა გვიან ღამემდე გაგრძელდა.

    გარდაცვლილის დედა ამბობს, რომ გაეცნენ ვიდეოჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც საქმეში გარკვეული საეჭვო ფაქტები იკვეთება, უფრო კონკრეტული საუბრისგან კი თავს იკავებს.

    გარდაცვლილი პროგრამისტის დედის მოთხოვნა, სისხლის სამართლის საქმის მუხლის გადაკვალიფიცირებაა, რაზეც საგამოძიებო უწყებაში განუმარტეს, რომ ეს ყველა შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე უნდა მოხდეს.

    "არის რაღაც საეჭვო გარემოებები. ის ვერ ვნახეთ, რომ თეთრიწყარომდე რაღაც მონაკვეთში ვინმეს შეხვედროდეს. მანქანაში ის მარტო იყო. კითხვები მე ძირითადად მუხლის შეცვლასთან დაკავშირებით მქონდა,"- აღნიშნა თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა.

    ოჯახის ადვოკატის მიხეილ რამიშვილის განცხადებით, გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე ირკვევა, რომ თამარ ბაჩლიაშვილი არა თავის მოსაკლავად, არამედ საქმიან შეხვედრაზე მიდიოდა.

    "ვიდეო სათვალთვალო კამერის დიდი მასალა დავათვალიერეთ, სადაც ნათლად ჩანს, რომ თამუნა არათუ თავის მოსაკლავად, არამედ შეხვედრაზე მიდიოდა. მისი გადაადგილების მარშრუტი ახლო ფორმატში დავინახეთ. საეჭვო გარემოებებიც შევამჩნიეთ. ყველაფერი დეტალურად იქნება შესწავლილი," - განაცხადა ბაჩალიაშვილების ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა.

    რაც შეეხება 24 საათიან ექსპერიმენტს, ის რამდენიმე საათში დასრულდება. ექსპერიმენტის მიხედვითაც თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში გაიზომება ტემპერატურა ავტომობილში და შედარდება იმასთან, თუ რა მდგომარეობაში იყო ცხედარი.
    196 ნახვა
    21-08-2020, 08:47
    News-ები